ზედიზედ მეორედ მოგება აღარ გამოვიდა. ვლადიმირ ვაისის თავკაცობით ეროვნული გუნდი  ბელარუსთან ფრეს დასჯერდა. მატჩი ქუთაისში შედგა, სავსე ტრიბუნების წინ, ცუდ მოედანზე.

ირაკლი სიხარულიძემ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა

ჩვენები ჯერ აგებდნენ, მერე იგებდნენ, საბოლოოდ კი ეს აიწონა-დაიწონა 2:2 დამთავრდა. საქართველომ ექსპერიმენტალური შემადგენლობით ითამაშა, ცხადია, უამრავი ტექნიკური თუ პოზიციური შეცდომის თანხლებით. ბელარუსიც ვერ წყვეტს ვარსკვლავებს, თორემ კიდევ ერთი მარცხი გარანტირებული იქნებოდა.

საინტერესოა, რომ ნაკრების მაისურით სადებიუტო გოლები გაიტანეს თბილისის „ლოკომოტივის“ შემტევმა ირაკლი სიხარულიძემ, ვინც უგოლობას არც ეროვნულ ჩემპიონატში უჩივის და, პოლონური  „პოგონის“ მცველმა ლაშა დვალმა.

წამიც და, ნაკრებში პირველ გოლს ლაშა დვალიც (22) იზეიმებს

ვაისმა, ბელარუსთან და კვიპროსთან ამხანაგური მატჩებისას, ასე ვთქვათ, უახლოესი რეზერვი გამოსცადა, თუმცა ვინ როგორ მოაწონა თავი სლოვაკ სპეციალისტს, ეს თავად ვაისის მომდევნო ნაბიჯებისას გამოჩნდება. დავინახავთ კიდევ ვის გამოიძახებს, ვის ღრმა დუბლებში გადაისვრის… საგულისხმო კი გახლავთ, რომ ორივე შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ისევ და ისევ ჯაბა კანკავა გახლდათ, ვინც რა ხანია უკლობოდაა და ჟინს ოდენ სანაკრებო მატჩებისას იკმაყოფილებს…

ეს ორი ამხანაგური მატჩი ჩვენებს აუცილებლად უნდა წაადგეთ. ორივე, ბელარუსიც და კვიპროსიც, საქრთველოს ნაკრების გაქანებისაა და ერთა ლიგის წინ მათთან ძალების გამოცდა, ცუდი არც ერთ შემთხვევაში იქნება… მთავარი სწორი დასკვნაა, რის შედეგიც შემოდგომაზე გამოჩნდება.

ამხანაგური მატჩი

13 ნოემბერი. ქუთაისი. 18:00. „რამაზ შენგელია“. 10 000 მაყურებელი

საქართველო 2:2 ბელარუსი

0:1 სტასევიჩი (24), 1:1 სიხარულიძე (35), 2:1 დვალი (50), 2:2 ნეხაიჩიკი (66)

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (კაკაბაძე 87), ხოჭოლავა, კაშია (დვალი 46), შერგელაშვილი, აბურჯანია, პაპუნაშვილი, გვილია (კაჭარავა 87), კანკავა (მერებაშვილი 60), ჯიღაური (ქვილითაია 60), სიხარულიძე (ყაზაიშვილი 80)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: იგნატოვიჩი (პავლიუჩენკო 46), რიოსი, გავრილოვიჩი, პოლიტევიჩი, ვოლოდკო (მატვეიჩუკი 63), კარნიცკი (ნეხაიჩიკი 57), კორზუნი, ბიკოვი, კოვალევი (კლიმოვიჩი 82), ლაპტევი, სტასევიჩი (პავლოვეცი 88)

მწვრთნელი: იგორ კრიუშენკო

გაფრთხილება: ვოლოდკო, სიხარულიძე, ბიკოვი, სტასევიჩი

მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

ბადრი კეთილაძის ფოტოები

წილი
წინა სტატიაგადასვლა
შემდეგი სტატიამსოფლიომ იტალია დაკარგა
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.