6 სექტემბერს, 22:30-ზე ედინბურგის „მარიფილდზე“ დაიწყება ტესტ-მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის. მილტონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაციანი რაზმი, რომელიც ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს.
წინა შაბათის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით სამი სიახლეა: მესამე ხაზში ოთია გიორგაძის ადგილს შალვა სუთიაშვილი დაიკავებს, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე დადგება; მესამე ხაზში მეორე ფლანკერად სასტარტოში კოკი თხილაიშვილი გამწესდება, ხოლო ბექა საღინაძე მარქაფაში იქნება; განაცხადში არც გარემარბი სანდრო თოდუაა და მის ადგილს ზურაბ ძნელაძე დაიკავებს, ხოლო ზურას ნაცვლად შუამარბად ლაშა მალაღურაძე ითამაშებს.
სიახლეა ისიც, რომ განაცხადშია უკანახაზელი გიორგი კვესელაძე, ვინც მცირე ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა.
9 და 10 ნომრები კი ლობჟანიძე-აბჟანდაძე იქნებიან. საინტერესოა, რომ შოტლანდიელთა დამრიგებელმა გრეგ თაუნსენდმა თავისი ღერძის დასვენება გადაწყვიტა, ანუ გრეიგ ლეინდლოუ და ფინ რასელი „მარიფილდზე“ ჩვენ აღარ შეგვაწუხებენ – „დინამო არენაზე“ 10:44-ის მთავარი არქიტექტორები და სულისჩამდგმელები ხომ სწორედ თანამედროვე რაგბის ეს სუპერვარსკვლავები იყვნენ…
ჩვენდასანუგეშოდ და საიმედოდ მამუკა გორგოძე შევიგულოთ. 35 წლის ლეგენდა ჩვენს ნაკრებს 8 სექტემბერს ლონდონის აეროპორტში შეხვდება და ბორჯღალოსნები უკვე სრული შემადგენლობით იაპონიისკენ აიღებენ გეზს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში
- სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა
- ვანო კარკაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე.