საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

– გამიგონე, რუსებს რა დაემართათ?

– ყველაფერი ცხელი ჩაის ბრალია.

– ჩაი რა შუაშია? ბრაზილიასთან წაგებაზე ვამბობ.

– ბრაზილიასთან ისედაც წააგებდნენ. შენ ალბათ ოთხი ბურთით წაგებას ამბობ.

– დიახ.

– ჰოდა ჩაის ბრალია.

-როგორ?

-ბიშოვეცს ცხელი ჩაი დაულევია თამაშის წინ, პირი დასწვია და ფეხბურთელებს ვეღარაფერი უთხრა.

– აბა, მოიგონებ ხოლმე. ბურთი რომ შენს კარში არ უნდა შეაგდო, იმას რა თქმა უნდა?

– ნდომებია, ხომ ხედავ.

– და ბიშოვეცს რომ თქმა შეძლებოდა, რა მოხდებოდა?

– რუსეთი ღირსეულად წააგებდა.

– ღირსეული წაგება რას ნიშნავს?

– ოო, ეგ ქართული ხალხური ტერმინია და ახლა რუსებმაც შეისწავლეს.

– და რას ნიშნავს?

– აუცილებლად უნდა წააგო, ოღონდ შენს გულშემატკივრებზე უნდა გაბრაზდე, რატომ წარმოიდგინეთ, რომ უნდა მოგვეგოო.

– არა მგონია მხოლოდ ცხელი ჩაის ბრალი იყოს. კომენტატორმა თქვა, რუსებმა ცხრამეტი საათი იფრინეს ბრაზილიაში ჩასასვლელად და დაიღალნენო.

– ბრაზილიამაც ცხრამეტი საათი იფრინა მოსკოვამდე და მერე სამით ნოლი მოიგო.

– ეგ როდის იყო?

– ძველ დროში.

– მაშინ პელე ეყოლებოდათ და მოიგებდნენ, აბა რა?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რივალდო ჰყავთ.

– და რივალდო პელეს გაუტოლდება?

– შენ ფეხბურთი არ გესმის და ნუ მაწვალებ.

– არ გაწვალებ. უბრალოდ, მაინტერესებს, რა აზრი ჰქონდა რუსების ბრაზილიაში ჩასვლას?

– რა აზრი აქვს, ინგლისი და გერმანია რომ ჩამოდიან და სტადიონზე მიდიხარ?

– ეს ბოროტი შეკითხვაა. ეროვნულ გრძნობას დასცინი.

– არა, ბატონო, მე ფეხბურთს დავცინი.

– რა აქვს ფეხბურთს შენი დასაცინი?

– თუნდაც ის, რომ მინდორზე რომ მოკბეჩილ ბუბლიკს გადმოაგდებენ, მასპინძელ გუნდს წაგება ეთვლება.

– ბუბლიკს კი არა, ბომბებს ისვრიან…

– და მასპინძელი გუნდი რა შუაშია? ედმუნდომ და ბატისტუტამ უთხრეს, გადმოაგდეო?

– აბა, რა ვქნათ?

– ფეხბურთი არაფერშუაშია. პოლიციის ბრალია. დაუქვითონ ხელფასი პოლიციას, გუნდი კი გაატარონ.

– ეს სადაური სამართალია?

– ადამიანური. პრარაბს ცემენტი დაენანა, ტრიბუნა ჩაინგრა და გუნდი უნდა გააგდო?

– იქ ფანებმა იჩხუბეს. თოფი ისროლეს.

– კენი დალგლიშმა ისროლა?

– არა.

– აბა, ბობ პეისლიმ?

– ეგრე ლაპარაკი არ შეიძლება. ხალხი დაიხოცა.

– მართალია, მაგრამ, როცა „ლივერპულის“ ფანებმა „იუვეს“ ტიფოზებს დასცხეს, ტრიბუნა ჩაინგრა. რა შუაშია აქ „არსენალი“ და „დერბი“?

– შენ მაგას იმიტომ ამბობ, რომ იტალიელები არ გიყვარს.

– მე არ მიყვარს, როცა კაცი მაშხალას გამოისვრის და ამის გამო „გრასჰოპერი“ „ფიორენტინას“ დაამარცხებს.

– რას იზამ? ვიღაცა ხომ უნდა დაისაჯოს?

– ვიღაცა დაისაჯოს, ფეხბურთელი კი არა.

– და გაზა?

– რა გინდა ამ წესიერი და საწყალი კაცისგან?

– არ არის დასასჯელი?

– გრობელაარი ვერ დასაჯეს და გაზა უნდა დასაჯონ?

– გაზა ყოველდღე დასასჯელია.

– რატომ?

– ათი წელიწადია ცუდად იქცევა.

– სიმეონეზე ცუდად იქცევა?

– ეგ ფეხბურთს არ თამაშობს. ეგ მუსკომედიის მსახიობია.

– რა გინდა, რას მერჩი?

– ჩემს ოჯახში მაგ კაცის გვარი აღარ ახსენო, თორემ…

21.11.1998