„ლივერპულმა’’ პრემიერლიგის ბოლო ექვს შეხვედრაში მეხუთე წააგო, ტიტულის პრეტენდენტ „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:3 განადგურდა. გოლები გაიტანეს ერლინგ ჰოლანდმა და ნიკო გონსალესმა პირველ ტაიმში, რასაც ჟერემი დოკუმ შესვენების შემდეგ მესამე დაამატა. ამ შეხვედრაში ლივერპულელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მისი თამაში „ლივერპულ ექომ’’ 7 ქულით შეაფასა, რაც მერსისაიდელთა შორის ყველაზე მაღალი ქულა გახლდათ. გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ სიტყვიერად ასე დაწერა:
„იმ ეპიზოდში, როდესაც მის გამო პენალტი დაინიშნა ცოტა არ გაუმართლა, მაგრამ ჰოლანდის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. შემდეგ ჯერემი დოკუს აუღო კარგად. გოლების დროს კი შანსი არ ჰქონდა’’.
ლივერპულის საკლუბო საიტი ქართველი მეკარის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა. მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. liverpool.com- ის აზრით მამარდაშვილმა 5 ქულა დაიმსახურა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მასზე მაღალი შეფასება პორტალმა მხოლოდ კონორ ბრედლის დაუწერა (6). მამარდაშვილის გვარის გასწვრივ ასეთი ტექსტი წერია: „დოკუს შეეხო, რის გამოც პენალტი დაინიშნა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მასაჯის გადაწყვეტილება გადაჭარბებული იყო. მეკარემ შეცდომა ჰოლანდის პენალტის მოგერიებით და რამდენიმე ეპიზოდში კარგი თამაშით გამოასწორა’’.
Thisisanfield-მა ქართველს 6 ქულა დაუწერა (ამდენივე დაუწერა დომინიკ სობოსლაის, ხოლო სხვების თამაში ნაკლებად შეაფასა) და თავისი გადაწყვეტილება ასე განმარტა: „შეხვედრაში, რომელიც ალისონის დაბრუნებამდე მისთვის სავარაუდოდ ბოლო იყო ბევრი რამ გადახდა. აიკიდა პენალტი, რაც მსაჯის მხრიდან გადაჭარბებული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჰოლანდის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მალევე არ გაატანინა დოკუს. განსაკუთრებით ცუდი არაფერი გაუკეთებია’’.
Flashscore-მა ქართველ მეკარეს 5.8 დაუწერა, რაც ძირითადი შემადგენლობიან-სათადარიგოებიანად ყველაზე ცუდი შეფასება იყო.
Sofascore-ის აზრითაც ლივერპულელთა შორის ყველაზე სუსტი მამარდაშვილი იყო ― 5.7.
Whoscored-მა ქართველს 6.2 დაუწერა, რაც ბრედლის შემდეგ მეორე შეფასება გახლდათ.
