დღეს, დილით, რეიდზე ვალენსიის პოლიციამ ხელს გააყოლა „ვილიარეალის“ პორტუგალიელი მცველი რუბენ სემედო. 23 წლის ფეხბურთელი ეჭვმიტანილია ადამიანის გატაცებაში და ძარცვაში. 12 თებერვალს ბატერას (ვალენსიის რეგიონი) მუნიციპალიტეტში პოლიციას კოჭლობით მიაკითხა ყავარჯნიანმა დაზარალებულმა, რომელიც სამ კაცს გაუტაცია, დაუბამს და უცემია. მერე სახლის გასაღები წაურთმევია, ორნი წასულან და მისი სახლი გაუძარცვავთ. სამიდან ერთი ეჭვმიტანილი სწორედ რუბენ სემედო გახლავთ, რომელიც „ვილიარელმა“ შარშან ზაფხულს ლისაბონის „სპორტინგიდან“ 15 მილიონ ევროდ იყიდა, მაგრამ ტრავმების გამო მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
ალბათ გაწელილი უქმობის ბრალია, რომ პორტუგალიელი ტრავმებს თავისებური ხერხებით იშუშებს. შარშან ნოემბერში დისკოთეკაზე გალეშილისთვის უთქვამთ, ვიკეტებითო, სემედოს კი ამის მთქმელისთვის ლულა მიუდია კეფაზე. ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ იარაღის ტარება ვერ დაუმტკიცეს და გამოძვრა.
იანვარში რუბენ სემედოს კიდევ ერთხელ მოუწია პოლიციაში სტუმრობა. დაზარალებული ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელმა ბარიდან გასვლისას უთხრა, წამოდი, მანქანაში „ვილიარეალის“ მაისურა მაქვს და გაჩუქებო. მაქანასთან მისულმა კი გულუბრყვილო მოქალაქეს ლუდის ბოთლი ჩაარტყა. ეს ამბავიც გადააგორა, მაგრამ დღეს ისევ პოლიციის სტუმარია – უკვე მესამედ ბოლო ოთხ თვეში, ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ითამაშა ძირითად შემადგენლობაში.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
