პროფესიული ფეხბურთის სამყარო დაუნდობელია. ფრანგული foot01 წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ეს რომც არ სცოდნოდა, „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ გაიგებდა. ორი-სამი თამაში საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საფრანგეთში წუწუნი დაეწყოთ, ნასერ ალ-ხელაიფი და ლუის კამპოსი შეცდნენ, 70 მილიონი გადაყარეს, „ნაპოლიდან’’ ქართველი წამოსაყვანი არ იყოო. ჩასაფრებული ადამიანები ამბობდნენ, რომ ლუის ენრიკეს მიერ მოწონებული ფეხბურთელის ტრანსფერი შეცდომა გამოდგა, მაგრამ „მონაკოსთან’’ შეხვედრაში ხვიჩას მიერ გატანილმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. „პარკ დე პრენსი’’ აფეთქდა: ქართველმა მეტოქის ორი მცველი მინდორზე დააწვინა და „თავისი გოლი’’ შეაგდო.
დღეს კვარაცხელიას ფანტაზიით აღსავსე ეპიზოდმა ყველას შეაწყვეტინა ჩივილი, რომ მისი ტრანსფერი შეცდომა იყო. საქართველოს ნაკრების მოთამაშეს შეუძლია ღიმილით წაიკითხოს რას წერს მის შესახებ მედია.
„პსჟ-მ ის ამ ზამთარს სწორედ ასეთი გოლისთვის შეიძინა. მისი თამაში სავსეა დახვეწილობითა და ტექნიკით. მისი ცაცია უზადოა. „მონაკოსთან’’ შეხვედრის პირველ ტაიმში კვარაცხელიას ჰქონდა ნაკლი, სიჩქარე არ ჰყოფნიდა, მაგრამ როდესაც სწორ ტემპში თამაშობდა (რაც მან ცენტრში გადასვლის შემდეგ გააკეთა) ქართველი ამტკიცებდა, რომ ღირებული შენაძენია ― ეს სიტყვები უკვე „პარიზიენს’’ ეკუთვნის, რომელსაც მიაჩნია, რომ „ნაპოლის’’ ყოფილმა მოთამაშემ ახალ გუნდში თავისი გზა იპოვა, ― ჩვენ ვნახეთ პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში კვარაცხელიას მეოთხე გამოსვლა და პირველი გოლი. მის თამაშში ყველაფერი სრულყოფილი არ იყო, მაგრამ გუნდს გაცილებით უკეთ არის შერწყმული, ვიდრე თავიდან. მან შეტევაში სამივე პოზიციაზე მოსინჯა ძალა, თუმცა შუაში ყველაზე კომფორტულად იყო’’.
DAZN-თან კომენტარში ხვიჩამ თქვა, რომ ამ გოლმა უზარმაზარი ტვირთი მოხსნა და ბედნიერია არაჩვეული გულშემატკივრის წინაშე ასეთი გოლი რომ გაიტანა. პსჟ-ში კვარას ერა იწყება.