ესპანეთის ნაკრებმა რობინ ლე ნორმანდისა და ფერან ტორესის გოლების, აგრეთვე ლუკა ლოჩოშვილის ავტოგოლის წყალობით საქართველოს ნაკრებს 3:1 მოუგო. ქართველთაგან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ამ გამარჯვების შედეგად „ლა როხამ” ევრო 2024-ის A ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, თუმცა მასპინძლების სიხარულს თან სიმწარეც ახლდა: ბარსელონელი გავი დაშავდა.

„თავად ამბობს, რომ ფეხში მირტყმის გამო (ლოჩოშვილთან ორთაბრძოლაში) არ დაშავებულა, მან ნაბიჯი სწორად ვერ დადგა და მუხლი დაეძრა. მისი დაშავება ძალიან სამწუხაროა. ის ძალიან კარგად თამაშობდა. გავი დაზაფრული იყო. არ ეგონა, რომ ასეთი რამ მასაც დაემართებოდა. ადამიანებს გვგონია, რომ ჩვენ ცუდი არაფერი შეგვემთხვევა”, — თქვა მატჩის დამთავრების შემდეგ ესპანელთა ნაკრების მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.

თუ შემდგომი კვლევებით ექიმების პირველი დიაგნოზი დადასტურდება, გავიმ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა გამოტოვოს. ამაზე თუ გიფიქრიათ?

„ახლა არც ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ და არც სხვა მსგავს რამეზე. ერთადერთი რაზეც ვღელავ ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. ვნახოთ რას აჩვენებს შემდგომი კვლევა, თუმცა ვეჭვობ, ტრავმა მსუბუქი არ იქნება. ეს იყო უიღბლობა. ნებისმიერს შეიძლებოდა დამართნოდა. გავი არ გადატვირთულა. წინა დღეს ფეხბურთელები დავასვენე. ჯერ ნოემბერია, სეზონის შუამდეც კი არ მივსულვართ. სამწუხაროდ, ფეხბურთში არსებობს ასეთი რამ — ტრავმა და მას ვერავინ აკონტროლებს. მისგან ისეთი ფეხბურთელებიც არ არიან დაზღვეულები, როგორებიც გავი და ვინისიუსია”.

„ბარსას” რას ეტყვით? 

„რომ ჩვენც ისევე განვიცდით, როგორც ისინი”.

კატალონიური კლუბი კი განრისხებულია. მას ჯერ არ მიუღია ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ გავის ჯვარედინი მყესები საოპერაციო აქვს, მაგრამ დე ლა ფუენტეს კრიტიკის დაუნდობელ ქარცეცხლში ატარებს. საქართველოსთან თამაშს ესპანეთისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მწვრთნელს შეეძლო ნახევარმცველი დაესვენებინა, მან კი თამაშის წინ განაცხადა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები ყოველთვის გუნდთან ერთად არიან და… მისმა ახირებამ ახალგაზრდა მოთამაშის მძიმე ტრავმა განაპირობა.

რაც დე ლა ფუენტე „ლა როხას” მწვრთნელია, გავის ერთი თამაშიც არ გამოუტოვებია. სულ მას ნაკრების შემადგენლობაში 27 მატჩი აქვს ჩატარებული, 23 სასტარტო შემადგენლობაში და 4 შემცვლელად.

ესპანური პრესა წერს, რომ „ბარსელონამ” ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას შეიძლება უჩივლოს.