საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წარმატებით შეასრულა მისია, რომელიც მას ურუგვაისთან მატჩზე დაეკისრა – ბონუსით, ანუ მინიმუმ 4 ლელოს გატანის გზით მოგება და მეტოქის 7-ქულიან დისტანციაზე არმიშვება.

33:7 – ესაა შედეგი, რომელმაც ქართველთა 5 ლელო და 26-ქულიანი უპირატესობა დაიტია, ანუ ბორჯღალოსნებმა ამოცანა გადაჭარბებით შეასრულეს.

მატჩისწინა ფონი კი სულაც არ იყო ქართველების სასარგებლოდ, რადგან სასტარტო მატჩში ჩვენმა გუნდმა უელსის საოცრად ძლიერ ნაკრებთან დიდი სხვაობით წააგო – 14:43, ხოლო ურუგვაის ნაკრებმა ტურნურის პირველი სენსაცია გამოაცხო, როცა თავისზე გაცილებით ავტორიტეტულ ფიჯის ნაკრებს 30:27 სძლია. ცხადია, დაუგეგმავი გამარჯვების შემდეგ სამხრეთამერიკელები კარგ ხასიათზე იქნებოდნენ განსხვავებით ბორჯღალოსნებისგან, ვისაც გულის სიღრმეში მსოფლიო რაგბის გრანდთან წარმატების მიღწევის სჯეროდათ.

ასეა თუ ისე, საქართველოსა და ურუგვაის დაპირისპირება აბსოლუტურად ლოგიკური შედეგით დასრულდა და გამოჩნდა, რომ ჩვენი რაგბი ურუგვაულზე ერთი დონით მაღლა დგას. ამასთან, ეს ერთგვარი რევანში იყო აწ უკვე შორეულ 2003-ში განცდილი მარცხისთვის, რომელიც ასე მტკივნეულად გადავიტანეთ, რადგანაც ჩვენი ნაკრები ურუგვაისაზე ალბათ იმ დროსაც უფრო ძლიერი იყო.

თამაში ღვინისფერი გუნდის შეტევებით დაიწყო და ლელოც მალევე გავიდა – ხელდახელ გათამაშების შემდეგ ბურთი მარცხენა კიდეზე ჩასაფრებულ სანდრო თოდუას მიუვიდა, რომელმაც ნაკრებში საიუბილეო, მე-80 მატჩი ლელოთი აღნიშნა. თედო აბჟანდაძემ მახვილი კუთხიდან ვერ გარდასახა, თუმცა წინასწარვე ვიტყვი, რომ შემდგომში ახალგაზრდა ქართველი მგეზავი უშეცდომიდ ურტყამდა.

30-ე წუთზე კი ოთია გიორგაძემ იყოჩაღა,  ხოლო მის ლელოს ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომა მოყვა და ურუგვაელებმა ხაზი სწორედ იქ გაარღვიეს, სადაც უელსელებმა ეს რამდენჯერმე შეძლეს – პირდაპირ ცენტრიდან. რასაკვირველია, გარდასახვაც ზუსტი იყო და ანგარიში 12:7 გახდა. ეს ციფრები ტაიმის ბოლომდე აღარ შეცვლილა, ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში ქართველებმა სიმძლავრეს უმატეს და მეტოქეს ნამდვილი რბევა მოუწყეს.

ჯერ იყო და, ლევან ჩილაჩავამ რაქიდან ბურთი აიტაცა, ლელოში დაამიწა და ამით ტურნირზე თავისი მეორე ლელო მიითვალა, შემდეგ კი ნაკრების ისტორიაში მისმა 32-ე კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ მწვრთნელს მადლობა კარგი ლელოთი გადაუხადა.

ეს იყო ჩვენი გუნდის მე-4 ლელო, რაც ბონუს-ქულას ნიშნავდა, მაგრამ ქართველები ამაზე არ გაჩერებულან და 57-ე წუთზე გიორგი კვესელაძემ მეხუთედ დალაშქრა ურუგვაელთა ლელო, ხოლო თედოს ზუსტმა გარდასახვამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 33:7.

სულ რაღაც 4 დღეში ჩვენს გუნდს ტურნირის მთავარი მატჩი ელის – „მფრინავი ფიჯელების“ წინააღმდეგ და კარგია, რომ ყველა ბორჯღალოსანი ჯანმრთელადაა, მათ შორის კაპიტანი მერაბ შარიქაძეც, რომელმაც შეცვლაზე დღესაც ითამაშა. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!

აქვე დღის მეორე მატჩის შესახებაც: უელსმა ავსტრალია უდაძაბულეს და ძალზე სანახაობრივ მატჩში 29:25 დაამარცხა და 9 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა ჩვენს ჯგუფში, მეორე ადგილზეა ავსტრალია 6 ქულით, საქართველოს 5 ქულა აქვს, ურუგვაის – 4, ხოლო ფიჯის – 2.