მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დამთავრდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ორი ამხანაგური მატჩის შესახებ გამოაცხადა. დღეს ითქვა, რომ ჩენი ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ კვიპროსს დაუხვდება, ხოლო 13-ში, ქუთაისში, ბელორუსს უმასპინძლებს. სათქმელია, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს თბილის გარეთ მეტოქეები გურჯაანში ( 1992, აზრებაიჯანთან 6:3),  ბათუმში (1994 და 1997, ბრაზილიურ „პალმეირასთან“ 0:1 და მოლდოვასთან 2:0 ) და ქუთაისში (2001, აზერბაიჯანთან 1:0) მიუღია.

ჩვენები ამ ორ „არათბილისურ“ ამხანაგურსაც მოილევენ, მერე კი ერთა ლიგაში გადაერთვებიან…

ერთა ლიგა უეფას ახალი ტურნირია, რომელმაც უმოტივაციო ამხანაგური მატჩები უნდა ჩაანაცვლოს. უკვე კარგა ხანია საფეხბურთო სამყაროს ხალხი სულ უფრო ნაკლები სერიოზულობით ეკიდება მსგავს მატჩებს. ახალ  შეჯიბრს  კი სატურნირო მოტივაციაც ექნება, პლეი ოფების ხიბლიც და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრების მსგავსი გუნდებისთვის დიდი ტურნირების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსიც. „სარბიელი“ უკვე წერდა დაწვრილებით ამის თაობაზე.

მონაწილეობას უეფას 55-ვე ასოციაციის ნაკრები მიიღებს. 11 ოქტომბერს მუნდიალის ევროპის შესარჩევი ციკლი დამთავრდა და ისინი 4 ლიგაში (A, B, C, D)  გადანაწილდნენ ეროვნული გუნდების კოეფიციენტების (ფიფას რეიტინგში არ აგვერიოს) მიხედვით. პლეი ოფებს აღარ ელოდებიან. ლიგების შემადგენლობები, ფაქტობრივად, მანამდეც ცნობილი იყო. ოქტომბრის შესარჩევების შემდეგ კი მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა  A ლიგაში ჰოლანდიამ უელსი ჩაანაცვლა.

ლიგები ასე განაწილდა:

A ლიგა (12 ნაკრები): გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია.

B ლიგა (12 ნაკრები): ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია, ჩრდილოეთ ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი.

C ლიგა (15 ნაკრები): უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია, ჩერნოგორია, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა.

D ლიგა (16 ნაკრები): აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერბი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებული ლიგის ფინალურ ეტაპზე გავა, რომელიც 2019 წლის ივნისში გაიმართება (ნახევარფინალები, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი). მასპინძელს უეფას შესაბამისი კომიტეტი 2018 წლის დეკემბერში დაადგენს მონაწილეთაგან.

B, C და D ლიგების ჯგუფებში გამარჯვებულები ერთი ლიგით დაწინაურდებიან. A, B და C ლიგების ჯგუფების უარესი  ნაკრებები შესაბამისად დაქვეითდებიან.

ასე რომ, ახალი პროექტით, ევროპული ნაკრებები ან ერთა ლიგაში გამარჯვებისთვის, ან უფრო მაღალ დივიზიონში გადასასვლელად ან დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ციკლი

შესარჩევი ეტაპი  (20 საგზური)

მომავალი ევროპის ჩემპიონატი 13 ქვეყანაში გაიმართება და ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი ითამაშებს. შესარჩევი ციკლი ამჯერად დაიწყება არა სექტემბერში, როგორც ადრე იყო, არამედ 2019 წლის მარტში.

10  ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები პირდაპირ მიიღებენ ფინალური ეტაპის საგზურს (20 გუნდი).

ერთა ლიგის პლეიოფი  (4 საგზური)

დარჩენილ ოთხ საგზურს კი სწორედ ერთა ლიგის პლეი-ოფების ოთხი გამარჯვებული დაიკავებს. რადგან ტურნირი ბევრ ქვეყანაში ტარდება, ჩემპიონატში მასპინძლის ავტომატური მონაწილეობა გამოირიცხა,

ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები (16 ნაკრები) 2020 წლის მარტში პლეი ოფს გაითამაშებენ.

თითო ლიგას (A, B, C, D) თავისი ოთხგუნდა პლეი ოფი ექნება.

მაგალითად, D ჯგუფი ავიღოთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებს მოუწევს ასპარეზობა. როგორც ვთქვით, აქ  დაბალი რეიტინგის 16 გუნდი ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასული ოთხი ნაკრები 2020 წლის მარტში პლეი ოფს გამართავს  (ორი ერთმატჩიანი ნახევარფინალი და ფინალი). გამარჯვებული ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს. ასევე იქნება სხვა ლიგების შემთხვევაშიც. ნაკრებებს, რომლებიც უშუალოდ შესარჩევიდან მოიპოვებენ საგზურს, პლეი ოფში სხვა მაღალრეიტინგიანი მონაწილეები შეცვლიან.

ერთა ლიგის კალენდარი

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2018 წლის 24 იანვარს გაიმართება შვეიცარიულ ლოზანაში.

1 ტური: 6-8 სექტემბერი 2018 წელი

2 ტური: 9-11 სექტემბერი 2018 წელი

3 ტური: 11-13 ოქტომბერი 2018 წელი

4 ტური: 14-16 ოქტომბერი 2018 წელი

5 ტური: 15-17 ნოემბერი 2018 წელი

6 ტური: 18-20 ნოემბერი 2018 წელი

ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრა 2018 წლის დეკემბრის დასაწყიში გაიმართება.

ლიგის ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-9 ივნისს.

პლეი ოფის წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო მატჩები 2020 წლის 26-31 მარტს.

უეფას გადაწყვეტილებით, რუსეთი და უკრაინა, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან.

წილი
წინა სტატიაასე ლიდერობენ ბარსელონები
შემდეგი სტატიაარჩი და სხვა ამბები
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.