უცნაურია ადამიანის ბუნება. სულ მინდოდა, ქართულ სპორტში გვყოლოდა ერთი ისეთი ფიგურა, მთელი კარიერის მანძილზე რომ მოსრავდა ყველას და ყველაფერს…
განა ეგეთები არ გვყოლია?!
ლევან თედიაშვილის ბიოგრაფია, ორად ორი მარცხით ლეგენდად შემორჩა არა მხოლოდ ქართულ საჭიდაო სამყაროს.
ვიქტორ სანეევმა სამი ოლიმპიადა ხომ იფრინა და მეოთხეზე, სპორტსმენის კვალობაზე ლამის უკვე პენსიონერმა, სულ ბოლო ცდით ოლიმპიური ვერცხლი გამოღლიტა ახალ ლიდერებს.
ნონას და მაიას მეოთხედსაუკუნოვანი ქალ-ბატონობა?!
ეს ყველაფერი ოდნავ მახსოვს და უფრო გადმოცემით ვიცი. არადა, მინდოდა, გვყოლოდა ერთი ასეთი მონსტრი დღეს და ახლა. დაახლოებით ისეთი, რუსებს რომ ალექსანდრ კარელინი ჰყავდათ ან ფრანგებს რომ ტედი ჰყავთ რინერი – ტურნირის დაწყებამდე ჩემპიონები.
ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ! დაიქუხა და რა დაიქუხა!
ერთმა მთაკაცმა საქართველოდან უკვე შექმნა ისტორია: ადამის ძეთაგან არავის არ აუწევია ის წონები, ლაშა ტალახაძე თამაშ-თამაშით რომ იმორჩილებს. ტიტულების ჩამოთვლას რა აზრი აქვს – იგებს ყველგან და ყველაფერს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ღამის ოთხზე რომ გააღვიძო და ძალიან სთხოვო, ჩემი ხათრით ერთი მსოფლიო რეკორდიც დაამყარეო, არ დაგზარდება და არც გაუჭირდება.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ თავის საქმეში ტალახაძე უკვე არის კარელინიც, რინერიც, მაკინროუც და შუმახერიც…
ახლა ჩიხზეც ვთქვათ. წლის ბოლოს ჟურნალისტები საუკეთესო სპორტსმენს ვასახელებთ ხოლმე. როგორ გინდა, ტალახაძის გარდა სხვა გვარი ჩაწერო გამოკითხვის გრაფაში?!
არადა, რა დააშავეს დანარჩენებმა, კიდევ ათი-თორმეტი წელი ლაშას სიდიადის ჩრდილქვეშ წლის მეორებას რომ უნდა დასჯერდნენ?!
დიახაც, მოუხდებოდა წლის სპორტსმენის ტიტული გურამ თუშიშვილს – ტედი რინერამდე ასე ახლოს ხომ არავინ მისულა; მოუხდებოდა საუკეთესოობა ნიკა ბასილაშვილს, ერთ წელიწადში მეორე ასეულიდან მსოფლიოს 21-ე ჩოგნობამდე რომ გაიკვალა გზა და იმ გზაზე გერმანია და ჩინეთი დაიპყრო…
და ნინო ოძელაშვილის მსიფლიოჩემპიონური დავლური?! პირველი და თან რა მაგარი პირველია სარბიელზე…
ჩიხიც მანდ არის. ჯერ გამოკითხვა არ დაწყებულა და ტვინი უკვე დუღს. სასიამოვნო დუღილია, როცა გმირის გამოგონება კი არ გიწევს, ბარე სრული ათეულიდან გაქვს გამოსავალი საპოვნი. ჯერჯერობით ტალახაძე მაინც ტალახაძეა – მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი, რომელსაც მეტოქედ მხოლოდ საკუთარი თავი და ლითონის „ბლინები“ შერჩა.
კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ტიტული: „ლაშა ტალახაძის შემდეგ საუკეთესო“…
მანამ კი ლაშა ტალახაძის სახელობის ჩიხში ვართ.