ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა – რუსებს ზედიზედ მეჩვიდმეტე, ხოლო ჯამში მეოცე მარცხი ვაგემეთ და თანაც ოცი ქულით ვძლიეთ, რაც ახალი რეკორდია: ასეთი სხვაობით “დათვები” მათსავე მინდორზე აქამდე არასოდეს გვიძლევია. მსაჯს “ბორჯღალოსანთა” ბოლო, მეოთხე, ლელო რომც არ ჩაეთვალა – და ის ნამდვილად არ იყო ჩასათვლელი! – ჯარიმის უპირატესობა გვქონდა და, დარწმუნებული ვარ, ლელოს მაინც დავდებდით. სავარაუდოდ – იმასაც მოლით.
დიახ, დღეს გამარჯვება სწორედ მოლმა მოგვიტანა. “ბორჯღალოსანთა” “სალელოო ალგორითმი” დღეს ასეთი იყო – მეტოქის დაჯარიმება, ბურთის აუტზე გადატანა, დერეფნის მოგება, მოლის დაყენება და მოლით ლელოში შესვლა.
ქომაგს კი ლაღი და გაშლილი თამაშის, ხელდახელ ბურთაობის, არასტანდარტული კომბინაციების ხილვა სწადია. მილტონ ჰეიგიც ნიადაგ ამაზე საუბრობს – საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდან, რომლიდანაც უკვე 6 წელი გავიდა. მაგრამ მატჩები გადის, მის მიერ “აღთქმული” თანამედროვე, უწყვეტი, მრავალფაზა, თვალსასეირო რაგბი კი არ ჩანს, ან ჩანს მხოლოდ იშვიათად, დროდადრო, ხამუშ-ხამუშ…
ცხადია, ძნელია სათანადოდ განწყობა იმ მეტოქესთან სარკენად, რომელსაც საგრძნობლად აღემატები კლასით, მაგრამ ის, რაც დღეს პირველი 50-60 წუთის განმავლობაში ჩვენი ნაკრების შესრულებით ვიხილეთ, ესპანეთთან არადამაჯერებლად მოგებულ მატჩში ნაჩვენებზე უარესიც კი იყო და ამის არაღნიშვნით, ამაზე თვალის დახუჭვით ჩვენ ნაკრებს, რომელსაც ამდენი სიხარული მოუნიჭებია ჩვენთვის, მხოლოდ დათვურ სამსახურს გავუწევთ.
გვახარებს ის, რომ მატჩის ბოლო ოცწუთეულში “ბორჯღალოსნები” გაბრაზდნენ, გახელდნენ და აგრესიული მიძალებით წელში გადატეხეს მასპინძლები. ასეთი გახელება და შემართება ძლიერ დაგვჭირდება მომდევნო კვირას “დინამო არენაზე” რუმინეთთან გადამწყვეტ შეხლაში. დასაბრუნებელია ანთიმოზ ივერიელის თასი და არაფერი სხვა, გარდა “მუხათა” ორიწლისწინანდელის მსგავსი განადგურებისა, არ დაგვაკმაყოფილებს.
გამოყენებულია რაგბის კავშირის ფოტოები