ნორვეგიამ ბათუმში ჩამოსვლის წინ მალაგაში ესპანეთთან 0:3 წააგო. კარგია ეს თუ ცუდი? ამ კითხვაზე ალბათ სხვადასხვანაირი პასუხი არსებობს და სიმართლის მარცვალი ყველა მათგანშია. ერთი მხრივ, გუნდმა რომელსაც კონკურენტს ვუწოდებთ წააგო და თან სამი გოლი გაუშვა, მეორე მხრივ კი ის საქართველოს ნაკრებს გაათმაგებული ძალით შეებრძოლება, რადგან ზედიზედ ორი წაგება „ვიკინგებისთვის” ნოკდაუნის ტოლფასი იქნება.
ესპანეთმა კი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მერვედ მოსახვედრად ჩინებული პირველი ნაბიჯი გადადგა. ეს გახლდათ „ლა როხას” ახალი მწვრთნელის ლუის დე ფუენტეს პირველი ოფიციალური თამაში, რომელიც დანი ოლმოს ერთი და ხოსელუს ორი გოლის წყალობით წარმატებული გამოდგა.
თუმცა ჯობს ყურადღება ნორვეგიაზე გავამახვილოთ, რადგან სტილე სოლბაკენის ხალხს ზეგ ვეთამაშებით, ესპანეთს კი 8 სექტემბერს.
ნორვეგიელებმა ესპანელებთან ნომინალურად 4-3-3 სქემით ითამაშეს, მაგრამ მთელმა შეხვედრამ ისე ჩაიარა, რომ რეალურად მათი განლაგება 4-5-1 იყო. მიზეზი ადვილი მისახვედრია — ბურთს დიდწილად მასპინძლები ფლობდნენ (64-36) და სტუმრების „გარემარბებს” უკან დგომა უწევდათ. შესახედავად სურათი ასეთი გახლდათ: ნორვეგიელები ცდილობდნენ ესპანელები მოედნის ცენტრალური წრიდან ორიოდ მეტრით უკან გავლებულ წარმოსახვით ხაზს მიღმა არ შეეშვათ. წრეში მხოლოდ ცენტრალური თავდამსხმელი რჩებოდა. ამ „ხაზს” მერე იწყებოდა „ლა როხას” მოთამაშეების მჭიდრო მეურვეობა (დაახლოებით კალათბურთში რომ გინახავთ, ისეთი) და დე ფუენტეს ბიჭებს ამიტომაც გაუჭირდათ შეხვედრის პირველ წუთებში სახიფათო მომენტების შექმნა. მაგრამ, დადგა მე-13 წუთი, როდესაც ნორვეგიელებს დაცვის მარცხენა ფრთაზე რამდენიმე წამით(!) ჩამწოდებელიც (ბარსელონელი ალეხანდრო ბალდე) უმეთვალყურეოდ დარჩათ და საჯარიმოში დამრტყმელსაც („ლაიფციგის” ოლმო) ვერ მოუჭირეს მარწუხები — ასე გაიხსნა ანგარიში.
შემდეგ კი ნორვეგიელებმა თამაშის სცენარი ვერ შეცვალეს. ვერც მაღალ პრესინგზე გადაერთნენ, ვერც სხვა რაიმე ხერხს მიმართეს. ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც სახიფათო მომენტები შეიქმნა, მაგრამ ეს უფრო კონკრეტული ფეხბურთელების შეცდომის ბრალი იყო, ვიდრე თამაშის ზოგადი ხასიათის. და რაც დრო გადიოდა, სტუმართა გუნდი მით უფრო იღლებოდა, რამაც ესპანელთათვის სასარგებლო შედეგი შეხვედრის მიწურულს მოიტანა, როდესაც ალვარო მორატა ენერგიულმა ხოსელუმ შეცვალა და ორი გოლი შეაგდო. ამ პერიოდში ქანცგაწყვეტილი და ჯერ კიდევ ანგარიშის გათანაბრების იმედად მყოფი ნორვეგიელები ძალიან აირივნენ, რის გამოც მესამე გოლის ეპიზოდში ისეთი შეცდომები მოუვიდათ, სუსტი დაცვის მქონე გუნდებს რომ მოსდით ხოლმე.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ნორვეგიელებს არ ჰყავდათ ერლინგ ჰოლანდი, მაგრამ ის საქართველოსთანაც არ იქნება და ამიტომ მასზე ფიქრს ახლა აზრი არ აქვს. მერედა, ჰოლანდი რომც ყოფილიყო, შეიძლება კონკრეტულ ეპიზოდში ეყოჩაღა, თორემ ნორვეგიელთა თამაშის საერთო სურათი ალბათ არ შეიცვლებოდა და „ვიკინგების” თამაში „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთს ვერ დაემსგავსებოდა.
რა ტაქტიკას ამოირჩევს სოლბაკენი ბათუმში, რასაკვირველია არავინ იცის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
სიახლეები29/08/2026 | 08:46მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
მთავარი ამბავი29/08/2026 | 07:50ზედიზედ მეორე 2:2
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
