რამდენიმე კრივიანი ჭორაობა იმით დამთავრდა, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლიში’’ დარჩენა გადაწყვიტა. ის აურელიო დე ლაურენტისის პროექტს გააგრძელებს. არადა ამბობდნენ, რომ „აძურის’’ ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კონტე „იუვენტუსში’’ დაბრუნდებოდა. ტურინული კლუბსაც ძალიან სურდა ყოფილ თავკაცთან თანამშრომლობის აღდგენა, მაგრამ პარტენოპეელთა მწვრთნელისა და პრეზიდენტის მოლაპარაკებებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. გამოქვეყნდა ლოზუნგი: „სრული სვლით წინ! უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!’’.
დე ლაურენტისს კონტეს ხელფასის წელიწადში 6.5 მილიონ ევრომდე გაზრდა მოუწია. წარმატებული გარიგების შემდეგ Canale 21-ზე თავად კონტემ ილაპარაკა: „მწვრთნელებსა და პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები ყოველი სეზონის შემდეგ იმართება. ეს ნებისმიერი კლუბისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენს შემთხვევაში არსებობს კონტრაქტი. შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა და ამდენად, როგორც სერიოზული ხალხი თანამშრომლობას ვაგრძელებთ’’.
შემდეგ მწვრთნელმა ილაპარაკა ნეაპოლელთა საამებელი სიტყვები, რომ მან ამ ქალაქში არნახული სიყვარული შეიგრძნო; რომ ნეაპოლელები სხვანაირი ჟინითა და ემოციით გამოირჩევიან და სხვა.
თავის მხრივ კონტეს ქება არც დე ლაურენტისმა დაიზარა. მან ლეჩელ ფეხბურთის სპეციალისტს დიდი მწვრთნელი უწოდა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის მომავალ სეზონში გუნდის ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას. რასაკვირველია, პრეზიდენტმა გამონახა დრო ჟურნალისტების გასაკრიტიკებლად, მან თქვა, რომ მას და მწვრთნელებს შორის ტრადიციულად კარგი ურთიერთობაა, პრესა კი მუდამ რაღაც ხინჯს ეძებს.
