მართალია სატრანსფერო ბაზარი ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება, მაგრამ კლუბები უკვე გამალებულ ვაჭრობაში არიან. მომავალს გეგმავს იტალიის ჩემპიონი „ნაპოლიც”, რომელსაც მართალია ახალი მწვრთნელი ჯერ არ დაუნიშნავს, მაგრამ პარალელურად ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვაზეც ფიქრობს.
„აძურის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა გუნდი დატოვოს არის მექსიკელი ირვინგ ლოსანო. ის „მარადონაზე” 42 მილიონი ევროს საფასურად 2019 წელს „ეინდჰოვენიდან” მივიდა. ლოსანოსა და „ნაპოლის” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გაგრძელებაა, მხარეებმა ამაზე ახლავე უნდა იზრუნონ. ამ მიმართულებით ჯერჯერობით ჩამიჩუმი არ ისმის. როგორც ჩანს კლუბს მისი ხელფასი, წელიწადში 4 მილიონი ევრო ებევრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლოსანო ნეაპოლიდან სავარაუდოდ წავა. მისი დღევანდელი ფასი 28 მილიონს არ უნდა აღემატებოდეს.
მექსიკელის შესახებ Radio CRC-ს გადაცემაში Si Gonfia la Rete მისმა ყოფილმა შუამავალმა ალესანდრო მანფრეკოლამ ილაპარაკა. მან თქვა:
„ვფიქრობ, თუ ლოსანო „ნაპოლის” დატოვებს, ის ინგლისურ კლუბში გადავა. მე ეს ხმები მექსიკიდან მომივიდა. ვფიქრობ, „ჩაკის” მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი მისი „ვესტ ჰემში” ან „ასტონ ვილაში” გადაბარგება იქნება”.