მოდრიჩს და მანჯუკიჩს ერთმანეთი სძულდათ

Home აქეთურ-იქითური მოდრიჩს და მანჯუკიჩს ერთმანეთი სძულდათ
მოდრიჩს და მანჯუკიჩს ერთმანეთი სძულდათ

35 წლის ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა. სულ თავდამსხმელი 9 კლუბში თამაშობდა, მათ შორის „ბაიერნში“, „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსში“. მან 89-ჯერ მოირგო ეროვნული ნაკრების მაისურა და 33 გოლი გაიტანა. ამ შეხვედრებში მანჯუკიჩს დიდებულ პარტნიორობას უწევდა 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი, რომელთანაც სულაც არ ჰქონია კარგი ურთიერთობა. ისინი სამი წელიწადი არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

კონფლიქტი ისლანდიაში, ერთ-ერთი შესარჩევი შეხვედრის წინ დაწყებულა. მოდრიჩს თანაგუნდელის გამხნევება უნდოდა და უთხრა: „მარიო, დღეს ჩვენ თავი უნდა დავდოთ, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ“.

მანჯუკიჩმა ეს სიტყვები პირად შეურაცხყოფად მიიღო და მოდრიჩს შეუღრინა: „შენს თავს მიხედე, მე თავი დამანებე“.

მოდრიჩს თანაგუნდელის რეაქცია ეწყინა. თანდათანობით ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ურთიერთობას თავი დაანებეს.

მოდრიჩი და მანჯუკიჩი არც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროს ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და არც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე. მათ შორის მხოლოდ 2018 წლის მუნდიალზე გალღვა ყინული.

ნაბიჯი მანჯუკიჩმა გადადგა. ის კაპიტანთან შერიგებას ასე იგონებს: „შესაფერის მომენტს ველოდი. მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, ურთიერთობა რომ აღარ გვაქვს“.

2018 წელს ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა.

„მარიო ისეთი დაღვინებული რომ ყოფილიყო როგორიც ახლაა, ჩვენ მაშინვე შევრიგდებოდით ან მაქსიმუმ შემდეგი შეკრების დროს. ისე, მეც კარგი ამპარტავანი ვიყავი“, — ამბობს ლუკა მოდრიჩი.