„ქალაქი ნიღბებში”, — ასე ჰქვია Sportweek-ის რეპორტაჟს ნეაპოლიდან. „ლა გაძეტა დელო სპორტის” ყოველკვირეული დამატება „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ჩვეულებრივ დღეზე გვიყვება — სად ცხოვრობს, ყველაზე ხშირად რომელ რესტორანში დადის, ვინ არის მისი დალაქი. ქალაქში მას მურალი მიუძღვნეს.
ოსიმენი თავის პარტნიორ სტეფანისა და ქალიშვილ ჰეილისთან ერთად პოსილიპოს გორაზე, ვიალე კოსტაში ცხოვრობს. ეს არის წყნარი, მწვანეში ჩაფლული ადგილი, საიდანაც ზღვაზე ლამაზი ხედი იშლება. ოსიმენი ქალაქში ძალიან იშვიათად გადის.
„მხოლოდ შინ და ტაძარშიო, ასე ამბობენ იტალიელები დაკავებულ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება სამსახურისა და სახლისგან შედგება. ვიქტორმა თავად აირჩია ასკეტური ცხოვრება. ეს ნაწილობრივ მისი სურვილით, ნაწილობრივ კი აუცილებლობით იყო განპირობებული”, — წერს გამოცემა. და მართლაც „ნაპოლის” ფეხბურთელისთვის ქუჩაში მშვიდად გასვლა წარმოუდგენელია, გადგამს თუ არა შინიდან ფეხს, გულშემატკივრების ზღვაში ჩაიძირება.
„ოსიმენს საჯაროობა არ უყვარს (ინსტაგრამზე პარტნიორის ან ქალიშვილის ერთი ფოტოც არ უდეს), თავს (შეშლილი) ბრბოსგან შორს იჭერს. მისი სახლის ახლოს არის ბარი რომელსაც „პოსილიპო” ჰქვია და იქ იფიცებიან, რომ ფეხბურთელი არასდროს უნახავთ. ძაღლზე რომ არაფერი ვთქვათ, შვილსაც არ ასეირნებს. ვიქტორის ძაღლი კი ბომბორაა და უჯიშო. ის მან ქუჩაში იპოვა და შინ წაიყვანა. ერთ საღამოს, ჭიშკარი რომ გაიღო, ძაღლი ეზოდან გამოვარდა. ზუსტად იმ დროში, რაც მის დაჭერას (მანქანა რომ არ დასჯახებოდა) და შინ დაბრუნებას დასჭირდა, ვიქტორს ოცამდე ადამიანი აეკიდა, რომლებიც მას ფოტოს გადაღებას და ავტოგრაფს სთხოვდნენ”.
ოსიმენი აზიზი მჭამელია და ამიტომ რესტორნებში ხშირად არ დადის.
„ის აივნიდან ზღვას გადაჰყურებს. რესტორნებს ერიდება, მკაცრად იცავს დიეტას. ყოველდღე სიამოვნებით შეჭამდა კამეჩის მოცარელას, მაგრამ იცის, რომ ეს არ შეიძლება. უქმეებს ხანდახან ლონდონში ან პარიზში ატარებს, სადაც ქუჩაში თავისუფლად დასეირნობს და ვერავინ ცნობს”.
ერთადერთი ადგილი ქალაქში, სადაც ოსიმენი შედარებით ხშირად უნახავთ, არის უბანი სახელწოდებით ვასტო, ცენტრალური ვაგზლის შემოგარენი, სადაც მისი თანამემამულეები, უფრო ზოგადად კი აფრიკელები ცხოვრობენ და ის მათ ხელს უმართავს.
„ვიქტორი ყველაზე ხშირად აქ დადის, ეს მისი საყვარელი ადგილია — რესტორანი „შერონი” ვია ტორინოზე, რომელსაც ნეაპოლში 13 წლის წინ გადასახლებული ნიგერიელი ქალბატონი ერბორ პეიშენსი ფლობს. თავად ერბორი ასე ყვება:
პირველად რომ დავინახე შევძახე „ვაუ!”. რამდენჯერმე სადილად შემოვიდა, რამდენჯერმე კი ცოლი გამოაგზავნა ვიღაცასთან შესახვედრად. მას უყვარს ყვითელი და წითელი ბრინჯი ეგუსისთან (მცენარის გამომშრალი თესლია) ერთად, თევზი და ბოსტნეულის სოუსი. ის კარგი, ძალიან უბრალო ადამიანია. მან მე, ჩემი ქმარი და თერთმეტი წლის ვაჟი მანუელი „კრემონეზესთან” თამაშზე დაგვპატიჟა. ჩვენ ტრიბუნაზე ვისხედით, მან კი გოლი გაიტანა. დიდებული იყო”.
Sportweek წერს, რომ ოსიმენი თავის შავკანიან ძმებს ღიმილსა და სელფის არ ამადლის, თუმცა სელფი რა სახსენებელია, როდესაც ის მათთვის ყიდულობს საკვებს, მაისურებს, შორტებს და ზოგადად საჭირო ნივთებს ახლომახლო მაღაზიებში.
ერთი კაცი კი იმასაც ამტკიცებს, რომ ოსიმენმა Galleria Umberto I-ში უსახლკაროებს საჭმელი მიუტანა.
