Breaking News

40! – ლევანდოვსკი გერდ მიულერს გაუტოლდა

რობერტ ლევანდოვსკიმ ერთ სეზონში 40 გოლი გაიტანა! უფრო სწორედ, მეორმოცე… რადგან წინ კიდევ კიდევ არის თამაში. „ბაიერნი” შინ „აუგსბურგს” შეხვდება.

„შპორტ ბილდი“ წერს, რომ პოლონელის მეორმოცე გოლი („ბაიერნმა” ფრაიბურგში 2:2 ითამაშა) ულამაზო იყო, რადგან მან პენალტი დაარტყა. სამაგიეროდ, ის იყო ისტორიული — 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეგენდარული გერდ მიულერის 1971-72 წლების შედეგი გაიმეორა. შედეგი, რომელიც მე-20 საუკუნეში ვერავინ გააუმჯობესა.

ლევანდოვსკიმ დიდი მიღწევა ასე იზეიმა: მაისურა აიწია და გამოაჩინა ქვედა მაისურაზე წარწერილი 4ever Gerd (მარადის გერდ!).

„რეკორდმაისტერის” მთელი სათადარიგოთა სკამი წამოდგა და 32 წლის ვარსკვლავს დერეფანი გაუკეთა.

„მე მივაღწიე მიზანს, რომლის წარმოდგენა ძნელი იყო, — დაწერა ტვიტერზე ლევანდოვსკიმ შეხვედრის შემდეგ, — ამიტომაც წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ. „ბაიერნისთვის” ახალი ისტორია დავწერე და შევქმენი ამბავი, რომელსაც გულშემატკივრები შვილებს მოუყვებიან. გავყევი ისეთი ლეგენდების ნაკვალევს, როგორიც იყო გერდ მიულერი”.

რობერტ ლევანდოვსკი ხუთჯერ იყო ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2014, 2016, 2018, 2019, 2020. აქამდე, მისი საუკეთესო შედეგი გახლდათ ერთ სეზონში 34 გოლი.

ერთი კვირის წინ, როდესაც ბავარიელებმა მიონხენგლადბახის „ბორუსიას” 6:0 მოუგეს და ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მას მოახლოებული რეკორდის შესახებ ჰკითხეს.
„წარსულის შედეგები არაფერს ნიშნავს, თუკი შენ დაუოკებელი ლტოლვა გაქვს”, — უპასუხა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა.

ახლა, ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 276 გოლი აქვს გატანილი. ის ამ მაჩვენებლით მეორეა — კვლავ გერდ მიულერს ჩამორჩება: მიულერის შედეგი 365 გოლია.

 

 

პაპუნა კედია

"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.