თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგა მოქმედ გამარჯვებულ ფერენცვაროშთან“ სტუმრად გამართა და 7:16 დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლი „დინამომ“ გაიტანა და თითქმის მთელი პირველი პერიოდი იგებდა კიდეც. უნგრელები მხოლოდ 13 წამით ადრე დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში გათანაბრება მოვახერხეთ და მეოთხედი 4:4 დასრულდა.
ამის შემდეგ თამაშს სრულად უნგრელები აკონტროლებდნენ. მასპინძლებმა შესვენებამდე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 9:5 დაწინაურდნენ. სწორედ აქ გადაწყდა მატჩის ბედიც… შესვენების შემდეგ „ფერენცვაროშმა“ ზეწოლა გააძლიერა, დაცვაშიც მაგრად ითამაშა და მესამე მეოთხედის შემდეგ ანგარიში უკვე 13:5 იყო.
მასპინძლებმა „დინამოს“ თამაშის „საშუალება“ მხოლოდ ბოლოს მისცეს, მაგრამ დასკვნითი მეოთხედიც მოიგეს – საბოლოოდ ტაბლოზე 16:7 დაფიქსირდა.
ამ ჯგუფში კიდევ ორი გუნდია – ხორვატიული „იადრანი“ და სერბული „რადნიჩკი“, რომლებიც ერთმანეთს მოგვიანებით ეთამაშებიან. „დინამო“ მომდევნო ტურებში სწორედ მათ უმასპინძლებს: 15 ოქტომბერს „იადრანს“, ხოლო 29 ოქტომბერს „რადნიჩკის“.