ინგლისურ ტაბლოიდებში „ლივერპულის“ საგაისო ახალი ფორმის ფოტოები გამოჩნდა. მართალია, „წითლების“ ქომაგები ამჟამად პრემიერლიგის გამალებულ საჩემპიონო რბოლაში ჩაფლულან, მაგრამ სიახლე არც მათთვის დარჩენილა შეუმჩნეველი.
ფორმის დიზაინი რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს 1984 წლის ანალოგს, როცა ლეგენდარულმა დალგლიშმა და კომპანიამ ფინალში „რომა“ დაამარცხეს (4:2 პენალტებით) და მეოთხედ აღმართეს ჩემპიონთა თასი.
საქმე ის არის, რომ მომავალი სეზონი ბოლო იქნება, როცა მერსისაიდელები „ნიუ ბალანსის“ ეკიპირებას მოირგებენ. ისინი ბოსტონური ფირმის პირობებით უკმაყოფილო ყოფილან. ამისდაკვალად „ნაიკთან“ და „ადიდასთან“ დაუწყიათ მოლაპარაკება. „ნიუ ბალანსთან“ კი „წითლები“ 2012 წლიდან თანამშრომლობდნენ.
მაგალითად „სანი“ წერს, რომ უპირატესი მერსისაიდელთათვის „ნაიკია,“ რომელიც ლივერპულელებს 750 მილიონგირვანქიან კონტრაქტს სთავაზობს. ამდენივეს უხდის „ადიდასი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ათი წლის განმავლობაში. „სიტის“კი მომავალში „პუმა“ ჩააცმევს და 650 მილიონსაც გადაუხდის.
დღეისათვის ყველაზე მსუყე სპონსორული ხელშეკრულება ევროპაში „ბარსელონას“ აქვს. „ნაიკი“ კატალონიელებს სეზონში 100 მილიონს უხდის და კონტრაქტის ამოწურვამდე ეს თანხა დაახლოებით 1 მილიარდს მიაღწევს.