ვლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა

Home კატეგორიის გარეშე ვლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა
ვლადიმიროვიჩმა 13 მილიონი დოლარი ქვიშაში იპოვა

იცნობდეთ: ელდარ ვლადიმირის ძე ნაგაპლოვი გენიალური რუსი ბიზნესმენია, რომელიც კალინინგრადის მილიციას დასწრებაზე ეთამაშა და ხელიდან და ქვეყნიდან დაუსხლტა. ცხადია, იმისთვის არ ეძებენ, რომ წლის ბიზნესმენის ჯილდო უბოძონ, არამედ იმისთვის, რომ ჰკითხონ, სად  შეტენა 13 მილიონი დოლარი, რომელიც კალინინგრადში მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის მშენებლობაზე „დაზოგა“. საქმიან-საზრიანი  ვლადიმიროვიჩი დანაზოგიანად გაქრა რუსეთიდან, რითაც არაორაზროვნად მიანიშნა, რომ სულ ცალ დოლარზე ჰკიდია მსოფლიო ჩემპიონატიც და სტადიონიც.

ძიებისას გაირკვა, რომ ბიზნესმენი ნაგაპლოვი „არენა ბალტიკას“ მშენებლობისას, პროექტში მითითებული ქვიშის მარკის ნაცვლად მის მსგავს იაფფასიან რაღაცას (ალბათ ჩინური ქვიშას?)  ყიდულობდა და ამით გააკეთა  750 000 000 რუბლის გონივრული ეკონომია, რაც დაახლოებით 13 მილიონი დოლარია.

ეს ყველაფერი კი გაირკვა, მაგრამ  გენიალური მექვიშის კვალი დაიკარგა და მალე ინტერპოლიც დაუწყებს ძებნას.

თუ ივნისში მსოფლიო ჩემპიონატზე  სრულიად შემთხვევით, გავლით, კალინინგრადში მოხვდებით, უმორჩილესად გთხოვთ,  ერიდეთ „არენა ბალტიკას“ და მიმდებარე ტერიტორიას.

ავტორის პროფილი

ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.