კაცმა კვირაში 50 გირვანქად ოთახი იქირავა და იქიდან ბინოკლით „ლივერპულის” ვარჯიშებს უყურებდა. ეს კაცი კოლუმბიელი ხუან კარლოს ოსორიოა, მექსიკის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს. მექსიკის ნაკრები F ჯგუფში გერმანიას, შვედეთს და სამხრეთ კორეას უნდა ეთამაშოს. ოსორიოს „სანი” ელაპარაკა, ჩვენ კი ამ საუბრის ფრაგმენტებს გთავაზობთ.

„მექსიკის ნაკრებს 2015 წელს ჩავუდექი სათავეში. შესარჩევში მხოლოდ ერთი შეხვედრა წავაგეთ — ეს იყო ჰონდურასთან ბოლო ტურის მატჩი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გასულები ვიყავით. საერთოდ, კონკაკაფის ჯგუფში თამაში ძნელია. მოედნებზე მაღალი ბალახია. ტრიბუნიდან ხალხი ხტება და მინდორზე შემორბის. ტემპერატურა 35 გრადუსს აღემატება. სტადიონებზე უსაფრთხოება არ არის დაცული. პირდაპირ რომ გითხრათ, საშიში გარემოა, რთული გეოგრაფიული ზონაა.

მექსიკელებმა კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მინდა ჩემს დამქირავებლებთან პატიოსანი ვიყო. კონტრაქტის გაგრძელება იმ შემთხვევაში შეიძლება თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით ვითამაშებთ, თუმცა, არც იმას დავმალავ, რომ ამასობაში სხვა ქვეყნებიდანაც მივიღე საინტერესო წინადადებები.

ყველაზე მეტად კი ყოველდღიური მუშაობა მენატრება. ფეხბურთში რა მიყვარს, იცით? შენს ხელში ფეხბურთელი დღითიდღე უკეთესი რომ ხდება. სიამოვნებით ვიმუშავებდი ინგლისში, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს”.

„ლივერპულის”, მილვუდის საწვრთნელი ბაზის ამბავიც, ინგლისში იყო. ეს ასე მოხდა:

„80-იან წლებში, კოლუმბიურ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებდა და მაღალი დონის ვარსკვლავები თამაშობდნენ. ამიტომ, 24 წლისამ ფეხბურთელის კარიერა დავასრულე და მწვრთნელობა გადავწყვიტე. ჩავაბარე აშშ-ში სამხრეთ კონექტიკუტის უნივერსიტეტში წვრთნისა და ადამიანთა პერფორმანსის ფაკულტეტზე, რომელიც 1990 წელს დავამთავრე. 1990-97 წლებში, ნიუ იორკში, ბავშვთა ფეხბურთში ვმუშაობდი. მაშინვე ვუთხარი ჩემს მეუღლეს ჯულიეტს, რომ მწვრთნელის დიდ კარიერაზე ვოცნებობდი. ის მხარში დამიდგა. ყველაფერი გავყიდე, მანქანა და საათებიც კი, რათა ორი წლით მაგისტრატურაში, ლივერპულის ჯონ მურის სახელობის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. ოჯახი შტატებში დარჩა.

ლივერპულში რომ ჩავედი, ზედიზედ სამი დღე მილვუდის ბაზაზე მივდიოდი, მაგრამ არ შემიშვეს. მაშინ, ღობის გარშემო დავიწყე ხეტიალი  და ერთ ადგილას კედელში ნახვრეტი აღმოვაჩინე. იქიდან ჭვრეტა შეიძლებოდა.  თუმცა, შემდეგ უკეთეს გამოსავალს მივაგენი. უკან რომ მივიხედე, დავინახე სახლი, რომლის ერთი ბინიდან მოედანი უთუოდ გამოჩნდებოდა. ასე გავიცანი მაკმანუსების ოჯახი, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. მივედი ოჯახის უფროს ტომ მაკმანუსთან და ავუხსენი, რომ ვარჯიშების სანახავად მათი ოთახი მჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ფეხბურთის მწვრთნელი მინდოდა გავმხდარიყავი და კვირაში 50 გირვანქას დავპირდი. „რა?” — შეიცხადა გაოგნებულმა ტომმა, მაგრამ ოთახი მაინც მომაქირავა. ეს იყო 1998 წელი. „ლივერპულს” ჟერარ ულიე და როი ევანსი წვრთნიდნენ”.

შემდეგ, ხუან კარლოს ოსორიო აშშ-ში დაბრუნდა, სადაც „ნიუ იორკ მეტროსტარზის” ფიზმომზადების მწვრთნელი გახდა.

ოსორიო იგონებს: „ადრე, 1984 წელს, „ჩიკაგო ბულზის” კალათბურთელების ვარჯიშს დავესწარი. ვნახე, როგორ ვარჯიშობდნენ მაიკლ ჯორდანი და დენის როდმანი. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, თამაშთან იყო კავშირში. სწორედ მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, რომ თუკი ოდესმე მწვრთნელი გავხდებოდი, ჩემი ვარჯიშებიც უშუალოდ თამაშთან იქნებოდა დაკავშირებული”.

2001 წელს კი ოსორიოს ტელეფონზე უცნობი ნომრიდან დარეკეს.

„უცნობი ხმა იყო. ასე მითხრა „მანჩესტერ სიტიდან” ვარო. Fuck off ჩავძახე ტელეფონში და გავთიშე. ცოტა ხანში ისევ დარეკეს. ასე გავემგზავრე მანჩესტერში, სადაც ახალგაზრდული გუნდის ვარჯიშები ჩავატარე, თუმცა დარჩენა ვერ გავბედე, რადგან ოჯახის ხელმეორედ მიტოვება არ მინდოდა. ორი კვირის შემდეგ კევინ კიგანმა პირადად გადმომირეკა.

მაშინ „სიტი” პრემიერლიგიდან გავარდა, მე კი უმაღლესი დონეზე მუშაობის საიდუმლოები მაინტერესებდა და „მანჩესტერ იუნაიტედში” სერ ალექს ფერგიუსონს მივაკითხე. მან ვარჯიშებზე დასწრების ნება დამრთო. ფერგიუსონის ყურებით ბევრი რამ ვისწავლე”.

შემდეგ ოსორიო კოლუმბიაში, აშშ-სა და მექსიკაში წვრთნიდა სხვადასხვა კლუბს, 2015 წლიდან კი, როგორც მოგახსენეთ, მექსკის ნაკრებს უდგას სათავეში.