როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში

Home აქეთურ-იქითური როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში
როგორ ჩარჩნენ პარიზელები მარსელში

The Orange Velodrome„მარსელისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში გადაიდო. ადგილობრივი პრეფექტურის სამსახურები წინა დღიდან აკვირდებოდნენ საგანგაშო სიგნალებს: ნარინჯისფერი განგაში, ძლიერი წვიმა, მეხი, ქალაქის დატბორვისა და მოულოდნელი ღვარცოფების რისკი. მარსელელები იმედოვნებდნენ, რომ ანდაზისა არ იყოს ისე არიწვიმებდა როგორც ქუხდა და „ველოდრომიც’’ მზად იყო 65 000 მაყურებლის მისაღებად, მაგრამ 14 საათზე, როდესაც პირველმა გულშემატკივრებმა სტადიონის მიდამოებში შეგროვება დაიწყეს, გუნდები კი კლასიკოს განწყობას იქმნიდნენ ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერმა ვერდქტი გამოაცხადა: შეხვედრა გადაიდო! „მარსელისა’’ და პსჟ-ს დაპირისპირებამ თვალის დახამხამებაში გადაინაცვლა მოედნიდან ოფისებში.

ეკიპი’’ წერს, რომ ამ საჭადრაკო პარტიაში პირველი სვლა „მარსელმა’’ გააკეთა: კლუბის ხელმძღვანელობამ ჯიუტად დაიწყო შეჯიბრების რეგლამენტის 548-ე სტატიის გამეორება, რომლის თანახმადაც თუკი თამაშის გადადების მიზეზი უამინდობაა და რაიმე დამატებითი განსაკუთრებული გარემოებები არ არსებობს, ის მეორე დღეს უნდა ჩატარდეს. ეს ტექსტი მასპინძლებისთვის ჯოკერი გამოდგა. და მართლაც, მათთვის შეხვედრის სამშაბათისთვის გადადება, პარასკევს სტრასბურგში თამაში და რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსის’’ მასპინძლობა მეტისმეტი იქნებოდა. თან მატჩი სამშაბათს რომ დანიშნულიყო, სავარაუდოდ შუადღისას უნდა დაეწყოთ, ეს კი ორგანიზაციის თვალსაზრისით იქნებოდა ძნელი. 65 ათასი ადამიანის ინფორმირება და სამუშაო დღეს, ისიც ერთი დღის გამოტოვებით სტადიონზე მოზიდვა პრობლემებს შექმნიდა. ამიტომ მარტივად დადგინდა: შეხვედრა გაიმართება ორშაბათს 20 საათზე, რაც საქართველოს დროით 22 საათია.

„პარი სენ ჟერმენი’’ კი კალენდრის შეცვლას იმედოვნებდა. ორშაბათს მის ცხრა ფეხბურთელს პარიზში, შატლის თეატრში „ფრანს ფუტბოლის’’ „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოებაზე ელოდნენ. კლუბმა ჩათვალა, რომ „მარსელთან’’ თამაშის ზუსტად ცერემონიალისთვის დამთხვევით მისი, ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანის სახელი დაკნინდა და ეს შეურაცხყოფად მიიღო. პარიზელებმა მარსელელებს  პრეფექტურასა და ლიგა 1-ის ხელმძღვანელებს სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზეს: ორშაბათს შუადღისას თამაში, მატჩის კვირა დღესვე ოღონდ სხვა დროს ჩატარება, მისი სადმე დეკემბრის დასაწყისში ჩასმა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. პრეფექტი უსაფრთხოების საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და შეუვალი აღმოჩნდა, „მარსელს’’ კი თავისი ინტერესები ამოძრავებდა. შედეგად პარიზელებს დათმობა მოუხდათ.

არადა, მათთვის ეს დღე ისედაც ძნელი იყო.  ისინი მარსელში დილით ჩაფრინდნენ, უნდა ესადილათ, ეთამაშათ და დედაქალაქში დაბრუნებულიყვნენ. ასეთი ერთდღიანი მოგზაურობა უკვე იმის მანიშნებელი იყო, რომ გუნდი ჩვეული რიტმიდან ისედაც ამოვარდნილი იყო. თამაშის გადადებამ კი ყველაფერი არია. პარიზში ხომ დაგეგმილია გრანდიოზული საღამო რომელზეც პსჟ-ს ხელმძღვანელების ვარაუდით მათი ფეხბურთელი ოსმან დემბელე გაიმარჯვებდა და ამას მთელი კლუბი მიესალმებოდა. ახლა კი გამოვიდა, რომ გუნდი მარსელში ჩარჩა.

პარიზელები მიიჩნევენ, რომ „მარსელმა’’ მეტეოროლოგიური პირობებით ისარგებლა და მზაკვრულად მოიპოვა უპირატესობა. ზოგი ფრანგული გამოცემა წერს, რომ რეგლამენტის და კალენდრის თვალსაზრისით ზღვისპირა ქალაქის გუნდი 1:0-ს იგებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.