„ლე ავრთან’’ ჩინებული თამაშის შემდეგ „ლიონის’’ ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის 26-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიაო, წერს პორტალი maxifoot. მისი ვერსიით საუკეთესოთა შორის აგრეთვე მოხვდნენ პსჟ-ს ნახევარმცველი ფაბიან რუისი, „მონაკოს’’ ფორვარდი მიკა ბირეთი, „სტრასბურგის’’ ნახევარმცველი ფელიქს ლემარეშალი და სხვანი.
Maxifoot ყოველი ტურის შემდეგ ასახელებს საუკეთესო თერთმეტეულსა და შვიდ სათადარიგოს, თუმცა ამჯერად აზუსტებს, რომ რაკი „მონპელიესა’’ და „სენტ ეტიენის’’ შეხვედრა გულშემატკივართა ხულიგნობის გამო შეწყდა, 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები ჯერ არასრულია. თუმცა ეს საუკეთესოს ვერაფერს დააკლებს, რადგან მიქაუტაძემ ყველა დაჩრდილა.
ჟორჟი მოედანზე 77-ე წუთზე რაიან შერკის ნაცვლად 1:2-ზე შევიდა და თამაში შეცვალა. გამოჩენიდან ერთ წუთში მიქაუტაძემ მალიკ ფოფანას საგოლე პასი მიაწოდა, შემდეგ ღონიერი დარტყმით თავად შეაგდო ხარიხის ქვემოთ, მოგვიანებით კი ტიაგო ალმადასაც გაატანინა. Maxifoot წერს, რომ ქართველი საკუთარ თავში დარწმუნებულია რაც მის ყველა მოძრაობაში ჩანს.
საკუთრივ შეხვედრის მიმოხილვაში კი Maxifoot-მა ჟორჟს 8 ქულა დაუწერა.
Flashscore-ს ვერსიით მიქაუტაძემ 8.7 ქულა მიიღო; whoscored-ის ვერსიით 8.6, ხოლო whoscored-მა მას 9.4 დაუწერა. სამივე პორტალი ერთსულოვანია იმაში, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.