ის, რომ ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატს მოიგებდნენ, დიდ ეჭვებს არავისში აღძრავდა. უკვე მრავალი წელია, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელიც სწავლაშიც და ყოფაქცევაშიც ფრიადოსანია, ზოგიერთ უფროსკლასელსაც სჯობნის, მაგრამ მას მაინც ტოვებენ კლასში, წინ წასვლის და გაზრდის საშუალებას არ აძლევენ. ამასობაში ეს ბავშვი უკვე გაიზარდა, თვალშისაცემად დიდია თანაკლასელებზე, მაგრამ სკოლის ადმინისტრაცია არ იმჩნევს, ყურსაც არ იბერტყავს…
რა გაეწყობა, ესაა რაცაა. ჰოდა საქართველოს ეროვნული გუნდი უბრალოდ შტამპავს ტიტულებს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონობა კი ეწოდება, მაგრამ სად ესპანეთ-პორტუგალია-რუმინეთ-ნიდერლანდებთან ჭიდილი და სად – ირლანდიასთან, ან საფრანგეთთან.
თუმცა, ეს შესავალი სულაც არ აკნინებს ჩვენი საამაყო ბიჭების მორიგ, რიგით მე-17 წარმატებას. დიდი მადლობა მათ თავდადებისთვის, საქმისადმი ერთგულებისთვისა და დაუღალავი შრომისთვის. კვირას „მიხეილ მესხზე“ ბორჯღალოსნებმა ფინალში ესპანეთთის ნაკრები 46:28 დაამარცხეს, ეპიზოდურად უმაღლესი დონის, დიდოსტატური რაგბი ითამაშეს და რაღა თქმა უნდა, დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ჩვენმა ბიჭებმა 8 ლელო გაიტანეს: ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთ-თრიქები გაახერხეს, კიდევ თითოჯერ თავი ნიკა აბულაძემ და ვასკა ლობჟანიძემ გამოიჩინეს, ხოლო ამ 8 ლელოდან მხოლოდ სამის გარდასახვა მოხერხდა – დაჩი პაპუნაშვილმა და დავით ნინიაშვილმა ჯამში 5-ჯერ ააცილეს, თუმცა, საყვედურს არც ერთი იმსახურებს და არც მეორე. იგივე „ნინის“ლელო არ გაუტანია, თუმცა უჩვეულო პოზიციაზე, 10-ნომრად საკმაოდ კარგად ითამაშა, ხოლო მის ნაცვლად ფულბექად დაყენებულმა პაპუნაშვილმა ასევე საიმედო რაგბი ითამაშა.
ჰეთთრიქოსნებზეც უნდა ვთქვათ: ვანო კარკაძემ თავისი სამივე ლელო წარმატებით მოგებული დერეფნებისა და მძლავრად აგორებული მოლების დაგვირგვინებისას დადო და ამიერიდან მის პირად სტატისტიკაში 23 კეპი და 9 ლელოა. აი, აკა ტაბუცაძემ კი თავის ლელოებს მარდ ფეხებს უნდა უმადლოდეს – სამივე ჯერზე გაექცა მეურვეებს, როგორც ეს ჯამში უკვე 50-ჯერ გაუკეთებია! დიახ, ამ უნიკალურ მორაგბეს ღვინისფერი კვართით გამართულ 51 მატჩში უკვე 50 ლელო აქვს მითვლილი!
„50“ დღის აქტუალური რიცხვი აღმოჩნდა, რადგან ნაკრების ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა ბექა გორგაძემ 50-ე კეპი მოიხვეჭა.
რადგან ციფრებზეა საუბარი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სანდრო თოდუამ 120-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა და 122-კეპიან რეკორდსმენ დავით კაჭარავს კიდევ მიუახლოვდა, ლობჟანიძემ ნინიაშვილის დახმარებით უბრწყინვალესი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის მე-19 გახლდათ, ხოლო ბურჯმა ნიკა აბულაძემ 21-ე სანაკრებო მატჩში ლელოს გატანის სიხარული პირველად განიცადა.
ყველას საქმე მისალოცად აქვს, რიჩარდ კოკერილის თამადობით მთელ სამწვრთნელო შტაბს, კავშირის ხელმძღვანელობას, უკლებლივ ყველა მოთამაშეს, რომელიც კი ამ ციკლში სანაკრებო შეკრებებში მონაწილეობდა. მადლობა კარგი თამაშისა და გამარჯვებებისთვის.
ახლა საკლუბო სეზონებია ჩასამთავრებელი, მერე კი, ივლისში, ზაფხულის ტესტ-მატჩების დროც დადგება. მეტოქეები გვყავს – უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი. ირლანდია და სამხრეთ აფრიკა თანამედროვე რაგბის ფლაგმანები არიან და დიდი მადლობა ყველას, ვინც ბორჯღალოსნებს ეს ბობოლა გამომცდელები მიუჩინა! ველოდებით ივლისს.