სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ ისევ აგებს. ტეხასელები ამჯერად „შარლოტ ჰორნეთსან“ შინ 134:145 დამარცხდნენ და ფლეი ინის ზონას კიდევ უფრო ჩამორჩნენ. მწვრთნელმა სანდრო 17 წუთი ათამაშა და ჩვენებურმაც თავი 13 ქულას, 3 მოხსნას, 2 ჩაჭრას, 2 დაფარებასა და 1 პასს მოუყარა. სანდრომ ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი შვიდჯერ ისროლა და მიზანს სამმა მიაღწია, საჯარიმო ხაზზე კი არ დამდგარა.
წააგო გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელიც სტუმრად „მინესოტასთან“ დამარცხდა – 111:118. ორლანდოელთა მწვრთნელმა ბითაძე მხოლოდ ექვსი წუთი ათამაშა. ამ დროში ქართველმა თითო მოხსნა-პასი-ჩაჭრა-დაფარება მოასწრო. „სან ანტონიოსგან“ განსხვავებით, „მეჯიქი“ ფლეი ინის ზონაში ტრიალებს და იქ მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს. „ორლანდო“ მომდევნო მატჩს 16 მარტს, სტუმრად, კლივლენდში გამართავს, ამავე დღეს „სპურსი“ „ნიუ ორლეანსს“ უმასპინძლებს.