ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მატჩები სამშაბათს ასე დამთავრდა: „ბარსელონა’’ – „ბენფიკა’’ 3:1; „ინტერი’’ – „ფეიენოორდი’’ (2:1); „ლევერკუზენი’’ – „ბაიერნი’’ (0:2); „ლივერპული’’ – პსჟ 0:1 (პენალტებში პსჟ-მ გაიმარჯვა).
„ბარსელონას’’ სტუმრად უკვე მოგებული ჰქონდა 1:0 და შინ, „მონჟუიკზე’’ 3:1 დაამატა. ანგარიში იამალის საუცხოო პასით რაფინიამ მე-11 წუთზე გახსნა. პორტუგალიელებმა ოტამენდის გოლით მე-13 წუთზე უპასუხეს, მაგრამ 27-ე წუთზე იამალმა ისევ მასპინძლები გაიყვანა წინ, ხოლო 42-ზე რაფინიამ კიდევ ერთხელ შეაგდო. მეოთხედფინალში „ბლაუგრანა’’ „ლილს’’ ან „დორტმუნდს’’ შეხვდება.
მატჩის გამორჩეული ფიგურა უთუოდ იამალი იყო, რომლის ოსტატობის საილუსტრაციოდ სტატისტიკის მოშველიება აუცილებელი არ არის, მაგრამ მაინც ავღნიშნოთ, რომ 17 წლის და 241 დღის ესპანელი გახდა უმრწემესი გოლის ავტორი და საგოლე პასის შემსრულებელი ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში.
გერმანული დერბი კი დაძაბული არ გამოდგა. პირველ შეხვედრაში 3:0 მოგების შემდეგ რეკორდმაისტერმა „ლევერკუზენს’’ 2:0-იც დაამატა. „ბაიერნის’’ უპირატესობა ლევერკუზენელთა გამთამაშებლის ფლორიან ვირცის ტრავმამ გამოკვეთა. ანგარიში ჰარი კეინმა 52-ე წუთზე გახსნა, 71-ზე კი ინგლისელმა ალფონსო დევისსაც გაატანინა. ამრიგად, ევროსარბიელზე „ბაიერნის’’ გერმანული თავგადასავალი დასრულდა. მისი მეტოქე მეოთხედფინალში იქნება „ინტერი’’, რომელმაც „ფეიენოორდს’’ საქმე პირველივე შეხვედრაში მოუმთავრა, როდესაც როტერდამში 2:0 მოუგო. „სან სიროზე’’ იტალიურმა გუნდმა ჰოლანდიურს 2:1 სძლია.
„პარი სენ ჟერმენმა’’ კი „ენფილდზე’’ 1:0 მოიგო, შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა და პენალტებში ჯანლუიჯი დონარუმას ორი მოგერიების წყალობით მეოთხედფინალის საგზური მიიღო. მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „ბრიუგესა’’ და „ასტონ ვილას’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება.