ბრწყინვალე ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგი ასეთია: „პარი სენ ჟერმენმა’’ „ლივერპული’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა (0:1, 1:0, პენალტებით 4:1). „ენფილდზე’’ ორი მატჩის ჯამური ანგარიში ოსმან დემბელემ მე-12 წუთზე გაათანაბრა. შეხვედრის გმირი კი უთუოდ ჯანლუიჯი დონარუმა იყო, რომელმაც სტატისტიკის თანახმად 3 დარტყმა მოიგერია („ლივერპულის’’ მეკარემ ალისონმა – 7), მაგრამ ეს ციფრი იტალიელი გოლკიპერის საუცხოო თამაშს ვერ ასახავს. ის დიდებული იყო გამოსვლებსა და ყველა სხვა კომპონენტში, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი 101-ე წუთზე დატოვა. პირველ ტაიმში მან ჩინებული პასით ორჯერ გაიყვანა თანაგუნდელები (ოსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა) მეკარესთან პირისპირ, ერთხელ თავადაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მცველმა ბოლოწამს დაუბლოკა დარტყმა. ის შეძლებისდაგვარად სახიფათო იყო შესვენების მერეც, ჰქონდა მომენტები და ეფექტური იყო დაცვაშიც, სადაც აშკარა გოლისგანაც კი იხსნა კარი.
Maxifoot-მა კვარაცხელიას თამაში მარკინიოსის და ჟოაო ნევეშის მსგავსად 6 ქულით შეაფასა. საიტმა დაწერა: „მარცხენა ფრთაზე განწესებული „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბი კარგად თამაშობდა. ერთი კონტრშეტევის დროს ქართველმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ბარკოლა, რომელმაც ალისონს ვერ გაუტანა. კვარაცხელიამ აჯობა ალექსანდრ-არნოლდს, როდესაც დემბელეს მიაწოდა პასი, მაგრამ მისი დარტყმული რაიან გრავენბერხმა აისხლიტა. არ დაგვავიწყდეს, რომ ყოფილმა ნეაპოლელმა მეორე ტაიმში გუნდი იხსნა, როდესაც მოჰამედ სალაჰის დარტყმა დაბლოკა და დაცვაში თავს არ ზოგავდა’’.
Flashscore-მა ქართველ გარემარბს 7.2 დაუწერა, ხოლო sofascore-მა და whoscored-მა ― 7.9.