Napoli-Inter, what a scandal! Handball by Dumfries: penalty deniedიტალიის სერია A-ში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა: „ნაპოლიმ’’ „ინტერს’’ უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 1:1. ანგარიში 22-ე წუთზე სტუმარმა ფედერიკო დი მარკომ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ მეორეტაიმში მასპინძლების დაჟინებულმა შეტევამ 87-ე წუთზე შედეგი მოიტანა ― დანიელმა ფილიპ ბილინგმა „აძურის’’ ქულა გადაურჩინა.

მატჩის დამთავრების შემდეგ „შავ-ლურჯების’’ თავკაცმა სიმონე ინძაგიმ თქვა: „რთული შეხვედრა იყო, რომლის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ’’ მოუმატა და პრობლემები შეგვიქმნა. ამის მიუხედავად 87-ე წუთზე შექმნილი ეპიზოდისთვის თავი უკეთ უნდა გაგვერთმია.

საერთოდ, როდესაც უშუალო კონკურენტს ხვდები იდეალურად უნდა ითამაშო. „ნაპოლის’’ გოლი თამაშის ლოგიკური გაგრძელება იყო, მაგრამ საერთოდ, 75-დან 90-ე წუთამდე გაშვებული გოლების პროცენტი სამწუხაროდ მაღალი გვაქვს’’.

„ნაპოლის’’ მხარდამჭერთა ბანაკმა მატჩის შემდეგ ტრადიციულად განაცხადა, რომ შეხვედრის ბედი არაობიექტურმა მსაჯობამ გადაწყვიტა. ნეაპოლურ საიტებს მაგალითად მოჰყავთ ეპიზოდი, როდესაც დენზელ დუმფრიზი ლეონარდო სპინაცოლას დარტყმას იდაყვით გადაეღობა.

პრეს-კონფერენციაზე ამ ეპიზოდის შესახებ ინძაგისაც ჰკითხეს. „ინტერის’’ თავკაცი ნეაპოლელ ჟურნალისტებს გაღმა შეედავა:

„მე კი მაკტომინეის ეპიზოდს ვნახავდი სიამოვნებით. თუ დუმფრიზის მომენტზე ვლაპარაკობთ, მაკტომინეის მომენტზეც უნდა გადავახვიოთ’’.

არის მოსაზრება, რომ მაღლა ამხტარმა სკოტ მაკტომინეიმ შეხვედრის მე-19 წუთზე უკვე ნახსენები დუმფრიზი „ნაპოლის’’ საჯარიმოში გადათელა.