კვირას, 2 მარტს, 15.00 საათზე „ავჭალაზე“ საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩი დაიწყება, რომელიც ამ გუნდებისთვის 30-ე დაპირისპირება იქნება.

კვირას ავჭალაში „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ფინალისტი გამოვლინდება და გაირკვევა, საქართველო გააგრძელებს მე-17 ჩემპიონობისკენ გზას თუ რუმინეთი მე-6 ტიტულზე ოცნებას შეინარჩუნებს.

დიახ, ასეა, სწორედ ამ ნაკრებებს აქვთ მოგებული ხსენებული ტურნირის საჩემპიონო ტიტულების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა. ერთხელ, 2004-ში ქართულ-რუმინულ დავაში პორტუგალია ჩაერთო და გამონაკლისიც ამით ამოიწურება.

ზოგადად, ქართული რაგბის დამოუკიდებლობის განმავლობაში სწორედ „სტეჟარები“ (მუხები რუმინულად) არიან საქართველოს ბორჯღალოსნების ყველაზე ხშირი მეტოქეები. როგორც უკვე ითქვა, 2 მარტის დაპირისპირება 30-ე იქნება და წინა 29 შეხვედრიდან საქართველოს 19 აქვს მოგებული, რუმინეთს – 9, ერთხელ ფრე დაფიქსირდა. ამასთან, საქართველოსთან 9 მოგებით ვერცერთი მსოფლიო სარაგბო ერი ვერ დაიტრაბახებს, თუმცა ამ „მუხებს“ ბოლოს 2017-ში უზეიმიათ ქართველებთან გამარჯვება და სწორედ იმ წლით თარიღდება მათი ბოლო ჩემპიონობა.

მეტიც, როგორც მსოფლიო რაგბში სხვა პრინციპულ მეტოქეებს სჩვევიათ, საქართველოსა და რუმინეთის ყოველ შეხვედრაში (მსოფლიო თასს მიღმა) თამაშდება საზიარო, ანთიმოზ ივერიელის თასი, რომლის დაწესებაშიც, სხვათა შორის, „სარბიელის“ იმდროინდელმა ჟურნალისტმა, აწ განსვენებულმა ზაალ გიგინეიშვილმა მიიღო გადამწყვეტი მონაწილეობა.

თუმცა, 2017-დან მოყოლებული რუმინული რაგბი ღრმა კრიზისში აღმოჩნდა და დღეს ის უკვე აღარაა ქართველების ტოლ-სწორი, რუმინეთის სტუმრობით „დინამო-არენის“ გავსებაც დღეს წარმოუდგენლია და ამ მეტოქესთან ბორჯღალოსნების ნაღდი ჯახი მხოლოდ მოგონებად დაგვრჩა.

რაც შეეხება შემადგენლობას, კვირას ორი ისეთი მორაგბ გვეყოლება, რომელთაც განვლილ 3 მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. „შავი ლომის“ 21 წლის მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი ნაკრებს მარქაფიდან დაეხმარება, ხოლო მისი თანატოლი, „ბრივის“ შუამარბი გიორგი შველიძე მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

ცოტაც ციფრებზე: ლადო ჩაჩანიძე 25-ე კეპს მოიხვეჭს, ფენომენალური მელელოვე აკა ტაბუცაძე – 50-ეს, ხოლო მთლად ლეგენდარული სანდრო თოდუა – 119-ეს! წარმატებები საქართველოს ბორჯღალოსნებს!

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩში

  1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 19 კეპი, 0 ქულა), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 3, 5), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 16, 0), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 16, 20), 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 24, 5), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 20, 20), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 45, 20, კაპიტანი), 8. ბექა გორგაძე (პო, 48, 60), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 58, 45,) 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 27, 190), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 118, 95), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 11, 10), 13. გიორგი შველიძე (ბრივი, 1, 0), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 49, 230), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 38, 107).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე, 21, 30), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 9, 10), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 12, 15), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი, 1, 0), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი, 5, 5), 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 92, 93), 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 66, 45), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი, 3, 8,).