Ousmane Dembele of PSG, Nicolas Tagliafico of Lyon during the Ligue 1 football match between Olympique Lyonnais and Paris Saint-Germain at Groupama...„თუ გამოჩნდება ფეხბურთელი რომელიც 40 გოლს გაიტანს ჩვენ მას რასაკვირველია კარს არ დავუკეტავთ, მაგრამ თუ გვეყოლება ოთხი მოთამაშე, რომლებიც 12-12 გოლს გაიტანენ, გოლების რაოდენობა ჯამში 48 გამოვა და ეს უკეთესი იქნება’’, ― თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელმაც კილიან მბაპეს „რეალში’’ გადასვლის შემდეგ თამამი ნაბიჯი გადადგა. როგორც პორტალი maxifoot წერს ესპანელმა უარი თქვა ვიქტორ ოსიმენის ყიდვაზე და გადაწყვიტა გოლები ფეხბურთელთა ჯგუფზე გადაენაწილებინა.

ახლა, როდესაც სეზონის დამთავრებამდე 14 ტურია დარჩენილი (დღეს საღამოს პსჟ „ლილს” ხვდება) და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსა და საფრანგეთის თასის ნახევარფინალშია, პარიზელთა სამ ფეხბურთელს უკვე აქვს 12 გოლზე მეტი გატანილი. მათ შორის გამოირჩევა ოსმან დემბელე, რომელმაც მწვრთნელის მოლოდინს გვარიანად გადააჭარბა და ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 25 გოლი შეაგდო. ბრედლი ბარკოლას 16 გოლი აქვს გატანილი.

ფრანგ ვარსკვლავებს შეუერთდა გონსალო რამოში, რომელმაც ოთხშაბათს თასზე „სტად ბრიოშენს’’ სამი გოლი გაუტანა. შესაბამისად, 2024-25 წლების სეზონში პორტუგალიელს უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. პრინციპში, მაღალი დონის ცენტრალური თავდამსხმელისგან 12 გოლი არავის უნდა გაუკვირდეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ტრავმის გამო სამი თვე გაუცდა და გამოდის, რომ ყოველ 77.5 წუთში თითო გოლი გააქვს.

იმისათვის, რომ ამბიციურ გეგმას ხორცი შესხას ლუის ენრიკეს ფეხბურთელთა ახალი ჯგუფის დახმარება დასჭირდება. „პარი სენ ჟერმენის’’ სამ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი. ესენი არიან ვიტინია, კანგ-ინ ლი და დეზირე დუე.

ბოლოს „პარი სენ ჟერმენის’’ ოთხ ფეხბურთელს 12 გოლი 2020-21 წლებში ჰქონდა გატანილი. ისინი იყვნენ კილიან მბაპე (42), ნეიმარი (17), მოის კინი (17) და მაურო იკარდი (13).