ყინვამ მოუჭირა… დასავლეთ საქართველოში ბარდნის… ქუჩები დათოვლილია, საფეხბურთო მოედნებიც, რასაკვირველია… ჩვენ კი ეროვნულ ლიგას ვიწყებთ… 28 თებერვალს, პარასკევს, ჩემპიონი იბერია შარშან გავარდნას ფლეი ოფით გადარჩენილ თელავს მიიღებს…
თითქმის 35 წელიწადი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით ადამიანიდან, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, ასეთი უღიმღამო მომავალი თუ ექნებოდა ეროვნულ ჩემპიონატს.
რამდენადაც საოცარი პროგრესი განიცადა ზოგადად ფეხბურთმა ამ საუკუნეში, იმდენად გაუფერულდა და შენელდა ეროვნული ლიგა. მიზეზი უამრავია, რასაც ეს წინასაჩემპიონატო ანონსი დაიტევს. უფრო საფუძვლიანი განსჯა–გააანალიზება სჭირდება, უფრო კი კონკრეტული და შედეგიანი ქმედებები, რისი გამკეთებელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უნდა იყოს. ჯერჯერობით კი ფედერაციის უმთავრეს მიღწევად ჩემპიონატის მოქნილი სისტემა რჩება – დაძაბულობის თვალსაზრისით ათგუნდიანმა ოთხწრიანმა ჩემპიონატმა გაამართლა – სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემი მატჩების რიცხვმა კი იკლო, მაგრამ ცხადია ეს თვალსასეირო და ხარისხიანი მატჩების რაოდენობას ვერანაირად ზრდის.
რეგრესი განიცადა 10 წლის წინ დიდი რუდუნებით და იმედით შემუშავებულ–ამოქმედებულმა სახელმწიფო პროგრამამ და ფორმატმა პრინციპით გაზაფხული – შემოდგომა, რაც ზაფხულობით ზედმიწევნით აისახება ევროტურნირებზე ჩვენი კლუბების ნაჩვენებ შედეგებზე…
ბათუმი, იბერია, თელავი, დინამო, გაგრა, დილა… წლევანდელი ეროვნული ლიგის ეს გუნდები ჩემპიონატს ფაქტობრივად ახალი შემადგენლობით იწყებენ. ამათგან ორი – იბერია და დილა – საქართველოს ევროტურნირებზე წარადგენენ, პლუს დაბალლიგელი სპაერი და ტორპედო, რომელიც ერთადერთია ეროვნული ლიგის გუნდებიდან, რომელმაც წინა შემადგენლობა შეინარჩუნა და გაძლიერდა კიდეც, დანარჩენთა მწვრთნელებს კი გავიმეოროთ, ახალი ფეხბურთელებით ახალი გუნდის აწყობა-შეთამაშება მოუხდათ.
გვესმის, რომ ახალი ჩემპიონატის წინ გუნდის გაახლება ჩვეულებრივი საქმეა. გაახლება, დაგვეთანხმებით, ჩვენს კონტექსტში გაძლიერებას გულისხმობს, მაგრამ როცა გუნდს 10-11 კაცი ტოვებს, ეს უფრო გუნდის დაშლა და მერე ახლიდან ჩამოყალიბებაა, ვიდრე გაძლიერება. თუმც ჯერ სად ვართ. სამ-ოთხ თვეში ჩვენი გუნდებისთვის მორიგი „გაახლების“ პროცესი დაიწყება. ზაფხულში, ევროპა სატრანსფერო ფანჯარას გამოაღებს და ჩვენებიც, ჰაიდა, აიკრავენ გუდა-ნაბადს. მერე ევროტურნირები დაიწყება და მორიგი იმედგაცრუებაც ზედ მოჰყვება…
ჩემპიონატის ფორმატიც, რომელიც თავის დროზე იმ არგუმენტით გადააკეთეს, აქაოდა გაზაფხული – შემოდგომის პრინციპი გუნდებს ევროტურნირების წინ ფორმის შესანარჩუნებლად გამოადგებათო, აღარ იცვლება. დავფიქრდებითო, კი ბევრჯერ თქვეს ფეხბურთის ფედერაციაში, მაგრამ მათგან არაფერი ისმის… არადა, რუსეთი რომ რუსეთია, იქაც კი მიხვდნენ გაზაფხული-შემოდგომა ყოვლად უსარგებლო ფორმატი რომ იყო და ევროპულად გადააკეთეს, ჩვენ დავრჩით სადაც ვიყავით, მეტიც უკან და უკან მივექანებით. მალე, სსრკ-ში არ დავბრუნდეთ და მეტი აღარ გვინდა. ნახეთ, ხომ, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატი რეიტინგში 50-დან 70-მდე ადგილამდე დაეშვა და ისეთ ქვეყნებზე უკან აღმოჩნდა ტანზანია, ნიკარაგუა, ანგოლა და ეგეთები რომ არიან…
მაგრამ ჩვენ ხომ იმედის ხალხი ვართ. საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ნათელი მომავლის გვჯერა… გვჯერა, რაც ქართულ საკლუბო ფეხბურთში 2004 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, წლეულს იქნება – რომელიმე ქართული კლუბი ევროპის რომელიმე ტურნირის ნაინანატრ ჯგუფ ეტაპზე ითამაშებს!
ბოლოს, ისევ პირველი ეროვნული ჩემპიონატი უნდა ვახსენოთ – მაშინ მასში მონაწილეობისთვის 99-მა გუნდმა გააკეთა განაცხადი და მეტნაკლებად სტადიონებით და ინფრასტრუქტურით ამათი უმრავლესობა აკმაყოფილებდა მაშინდელი უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს… დღეს კი, 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული ლიგის 10 გუნდიდან ნახევარს საკუთარი სათამაშო მოედანი არ გააჩნია… ჩემპიონსაც კი…
მაგრამ მაინც, გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!!! ნაკრებიც ჩვენია, ლეგიონერებიც…