ფრანგული გუნდები „პარი სენ ჟერმენი’’ და „ლილი’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არიან. იმავდროულად ისინი ლიგა 1-ის კალენდრის თანახმად 24-ე ტურში, 1 მარტს უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ რადიო Ici Nord-ის ცნობით „ლილი’’ თამაშის გადადებას ითხოვს. კლუბს სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაში „დორტმუნდთან’’ სათამაშოდ უკეთ მოემზადოს. „ლილი’’ გერმანულ კლუბს 4 მარტს სტუმრად ეთამაშება, ხოლო „პარი სენ ჟერმენი’’ „ლივერპულს’’ მეორე დღეს მასპინძლობს.

იმისათვის, რომ საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ „ლილის’’ თხოვნა დააკმაყოფილოს, საჭიროა მატჩის გადადებაზე ჯერ პსჟ-მ განაცხადოს თანხმობა. როგორც ამბობენ, ლიგის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე პარიზელებს არ დაკავშირებია. იმასაც ამბობენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბს თამაშის გადადება მაინცდამაინც არც აძლევს ხელს. იცოდნენ რა, რომ კალენდარი გადაიტვირთებოდა, პარიზელებმა მისი შემსუბუქების საკუთარი ვარიანტები შეიმუშავეს. მათ სურთ, საფრანგეთის თასზე „სტად ბრიოშენთანთან’’ 26 თებერვლის ნაცვლად 25 თებერვალს ითამაშონ, მაგრამ აქ გამოჩნდა კიდევ ერთი ფიგურანტი – France TV, რომელიც სატელევიზიო პროგრამის არევის წინააღმდეგია.

„ლილთან’’ თამაშის გადადება პსჟ-ს ხელს იმიტომ არ აძლევს, რომ ლიგა 1-ის კალენდარში გაჩნდება დაახლოებით ათდღიანი სიცარიელე, რომლის განმავლობაშიც ლუის ენრიკემ ფეხბურთელების ფორმის შესანარჩუნებლად სწორედ „სტად ბრიოშენთანთან’’ შეხვედრით უნდა ისარგებლოს.

და როგორი გრაფიკი აქვთ „ლილისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ჩემპიონთალიგელ მეტოქეებს? 1 მარტს „დორტმუნდი’’ სტუმრად თამაშობს „ზანკტ პაულისთან’’, ოღონდ შუადღისას, 3:30-ზე, ხოლო „ლივერპული’’  თავისუფალია, რადგან ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გავარდა, 1 და 2 მარტი კი ინგლისში სათასო დღეებია.