ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო.

სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე დაუწყო ძებნა, ზოგმა კი პირდაპირ შავი მაგია ახსენა.

მიხვდით ალბათ, საუბარია კრიშტიანუ რონალდუს დარტყმულ პენალტზე, რომლითაც „რეალმა” ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ის, რაც ინგლისებმა შეამჩნიეს უკნიდან გადაღებულ კადრში ჩანს. რონალდუ გამორბის, ბურთს უახლოვდება, მერჯვენა ფეხს დასარტყმელად აღმართავს და… ამ დროს ბურთი პენალტის ნიშნულიდან ოდნავ ხტება. ფაქტობრივად, დადებული ბურთის დარტყმის ნაცვლად რონალდუ აგდებულ ბურთს „იჯენს” ფეხზე.

რიო ფერდინანდი

ეს როგორ შეიძლება? ილუზიაა?

გულშემატკივარი ცოტა რიო ფერდინანდმა დააწყნარა. ფერდინანდი, მოგეხსენებათ, „იუნაიტედში” CR7-ის თანაგუნდელი იყო. მან დაწერა:

„გეფიცებით. სიგიჟეა, მაგრამ ის ამას ვარჯიშებზე აკეთებდა”.

კეთილი, ბატონო. ასე იყოს. ჩვენ კი ყოველ შემთხვევაში ერთიც შევძახოთ: ფუი, ეშმაკს!