„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა, 4:2 მოიგო და ფლეი-ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ფლეი-ოფის ეტაპიდან მისცემენ.
ემოციური, მაღალი დონის მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა Canal + -ზე თავისი ფეხბურთელები შეაქო:
„ეს იყო რთული, ინტენსიური მატჩი. პირველ ტაიმში ერთმანეთის წინაშე იდგნენ გუნდები, რომელთაც უნდოდათ, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონიდათ. VAR-მა გოლი არ ჩაგვითვალა. მეორე ტაიმი მეტი რომ არ შეიძლებოდა ისე ცუდად დავიწყეთ. შეიქმნა დელიკატური სიტუაცია, მაგრამ ჩემს გუნდს საკუთარი შესაძლებლობების სწამს. დღეს ბევრი დადებითი რამ დავინახე. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გულშემატკივარიც როგორც ყოველთვის დიდებული იყო’’.
კითხვაზე, თუ რომელი მატჩი იყო მისთვის სამაგალითო, ლუის ენრიკემ უპასუხა: „შარშანდლიდან მოყოლებული პსჟ მეფური გუნდია: თამაშობს, უტევს… სასურველ შედეგს ხან ვაღწევთ და ხან ვერა, მაგრამ საკუთარი თავისა ყოველთვის გვწამს. დღეს ფეხბურთელებმა დიდებულად ითამაშეს როგორც ფიზიკური მომზადების ასევე კონცენტრაციის თვალსაზრისით’’.
პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ იმავე ტელეკომპანიას უთხრა: „ამ დიდებული მატჩის შემდეგ ბედნიერები და ამაყები ვართ. იმიტომ კი არა რომ მოვიგეთ, არამედ იმიტომ, რომ დიდებულად ვითამაშეთ. ჩვენ 0:2-ს ვაგებდით, ბოლოს კი 4:2 მოვიგეთ. „მანჩესტერ სიტი’’ დიდი გუნდია, მაგრამ დღეს ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა დაამტკიცეს, რომ ჩვენც დიდებული გუნდი გვყავს. ამაში ბევრ ადამიანს ეჭვი ეპარებოდა, მე კი დარწმუნეუბული ვიყავი. თუმცა, ჯერ ფლეი-ოფში არ ვართ, მომდევნო კვირაში მნიშვნელოვანი მატჩი გველის. დღეს ვიზეიმებთ, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ.
რაც შეეხება ლუის ენრიკეს მომავალს, ამაზე მასთან ჯერ კიდევ დავილაპარაკებთ. პირადად ჩემი აზრით ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, ზოგიერთი მედიასაშუალება მას აკრიტიკებს, მაგრამ დღეს რომც წაგვეგო ჩემთვის ის მაინც მასოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა’’.
„მანჩესტერ სიტის’’ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კი თქვა: „უნდა ვაღიარო, რომ პარიზელებმა გვაჯობეს. მოედნის შუაში მათ ერთი ფეხბურთელით მეტი ჰყავდათ და ეს „ცრუ ცხრიანი’’ იყო. ასეთი ტაქტიკის წინააღმდეგ გაგვიჭირდა. პსჟ-ს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავს. მატჩის შემდეგ მე ლუის ენრიკეს პირადად მივულოცე’’.