გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ლა ლიგაში გამარჯვებას ორი თვე ელოდა და აი, წუხელ, „რეალ სოსიედადთან’’ შეხვედრაში აიხდინა ოცნება. უგო დუროს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი ამ საღამოს „მესტალიაზე’’ ერთადერთი აღმოჩნდა. შედეგად „ღამურებმა’’ ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ბოლისწინა, მე-19 პოზიციაზე ავიდნენ. ახლა მათ 20 თამაშიდან 16 ქულა აქვთ. მათ წინ, ოღონდ ასევე გასავარდნ ზონაში არის 19-ქულიანი „ესპანიოლი’’.

გიორგის ვარსკვლავური შეხვედრა არ ჰქონია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სან სებასტიანის გუნდმა მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტები შექმნა, კარში ისე დარტყმა, რომ მეკარეს განსაკუთრებული ოსტატობის გამოჩენა დასჭირვებოდა, ვერ შეძლო. ამ შეხვედრაში მამარდაშვილმა სამი „ასაღები’’ დარტყმა მოიგერია.

Flashscore-მა ქართველ მეკარეს 7.0 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.9.