„პარი სენ ჟერმენის’’ ახალმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ PSG TV-ს პირველი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს საფრანგეთის 12-გზის ჩემპიონის, ქვეყნის თასის 15-გზის მფლობელის, თასების თასის 1996 წლისა და ინტერტოტოს თასის 2001 წლის მფლობელის ოფიციალური ვებ გვერდიდან. ქვემოთ აგრეთვე იხილავთ ინტერვიუს სატელევიზიო ვერსიას.

ხვიჩა, „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელის რანგში როგორ გრძნობთ თავს?

პსჟ-ს მაისურის ტარების შესაძლებლობა რომ მომეცა დიდი პატივია. მსოფლიოს ამ ერთ-ერთ უდიდეს გუნდში თამაშზე ვოცნებობდი. ძალიან ამაყი ვარ. ახლა ჩვენი ოცნებების ასახდენად ერთად ვიბრძოლებთ. ბედნიერი ვარ.

რამ გადაგაწყვეტინათ აქ ჩამოსვლა?

აქ ჩამოსვლა პროექტმა გადამაწყვეტინა. ვიცი რის მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობს ის ფეხბურთელებთან. ეს სრულიად შეესაბამება იმას, თუ ვინ ვარ მე. აქ ბევრ დიდ ფეხბურთელს უთამაშია, ამიტომ, როდესაც პარიზში გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, ბევრი არ მიფიქრია.

თანაგუნდელებს უკვე იცნობთ?

დიახ, ზოგიერთ მოთამაშეს ვიცნობ. ფაბიანთან (რუისთან) ერთად „ნაპოლიში’’ ვთამაშობდი. აგრეთვე ვიცნობ ჯიჯო დნარუმას, რომელსაც „პარი სენ ჟერმენში’’ გადმოსვლამდე ველაპარაკე.

თქვენ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოგიწევთ თამაში…

ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, რომ მასთან მუშაობით ბევრს ვისწავლი. ბედნიერი ვარ ლუის ენრიკეს ფეხბურთელი რომ გავხდები.

პარიზში რა გეგმები გაქვთ?

მსურს შევიძინო ახალი გამოცდილება, ახალი ოცნებები და მიზნები. მინდა ისე განვვითარდე, რომ გუნდს რაც შეიძლება მეტად დავეხმარო, ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო.

თქვენ აგრეთვე ეცნობით პსჟ-ს კამპუსს. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მასზე?

არაჩვეულებრივი კამპუსია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველა პირობა არსებობს. აქ არიან ახალგაზრდები, რომელთაც ყველაფერი აქვთ რაც ზრდისა და პროგრესისთვის სჭირდებათ. ეს ახალგაზრდებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და პროფესიული გუნდისთვისაც.

რას ეტყოდით ფანებს?

მინდა მალე შევხვდეთ ერთმანეთს. მოუთმენლად ველი მათთვის დიდი ემოციების გაზირებას. ბედნიერი ვარ ერთმანეთს რომ შევხვდით. მალე ვნახავთ ერთმანეთს.