რაგბის ქართველ გულშემატკივრებს შემოდგომის ტესტებიდან გადმოყოლილი ემოციები ჯერაც არ დაცხრომიათ და სულ რაღაც 6 კვირაში ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს ახალი თავგადასავალი ეწყებათ.
1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „ავჭალაზე“ შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლებს და ამით დასაბამი მიეცემა ქართველების სვლას მორიგი, მე-17 ტიტულისკენ. ეს ხომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატია, რომელიც ჩვენს ნაკრებს ყველაზე მეტჯერ, 16-ჯერ, აქვს მოგებული რუმინელთა ხუთისა და პორტუგალიელთა ერთადერთი ტიტულის წილ.
8-ში, იგივე არენაზე, რიჩარდ კოკერილის რაზმი ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება, 16 თებერვალს კი ჯგუფურ ეტაპს ესპანეთში დაასრულებს.
მეორე ჯგუფში პორტუგალიამ, რუმინეთმა, ბელგიამ და გერმანიამ მოიყარეს თავი და დღესვე შეიძლება პროგნოზის გაკეთება: საქართველო თავის ჯგუფს მოიგებს, პორტუგალია – თავისას, ნახევარფინალში (1-2 მარტს) ფავორიტები შესაბამისად რუმინელებსა და ესპანელებს დაამარცხებენ, ხოლო ფინალში საქართველო პორტუგალიას მოუგებს და მე-17 ტიტულს მიიღებს.
ასეთ დონეზე თამაში ყველას ყელში რომ ამოუვიდა, სალაპარაკოც აღარაა, მაგრამ რა გაეწყობა, სხვა რა გზა აქვს ქართულ რაგბს?! სულ ახალ და ახალ ევროპულ ერებს აწინაურებენ – გასულ ორწლიან ციკლში ეს იყო პოლონეთი, რომელმაც ყველაფერი წააგო, რაც კი შეიძლებოდა, ახლა კი, ორი წლით მისი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა. ვინმეს რამე გაგვიგია შვეიცარიული რაგბის შესახებ? ცხადია, არა, მაგრამ საუკეთესო ევროპულ კლუბებში მოთამაშე ქართველებს მაინცდამაინც ამ მოყვარულებთან უწევთ „გაჯიბრება“. აჯობებდა, ამ შვეიცარიას ჩვევნი 18-წლამდელები დაჯახებოდნენ…
ჰო, მთავარი არ გამოგვრჩეს: სავარაუდოდ, უკვე 8 თებერვალს ვიზეიმებთ 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებას. საქმე ისაა, რომ ავსტრალიაში გასამართ ტურნირს 24 მონაწილე ეყოლება და არა 20, როგორც ადრე. ჰოდა, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ოთხივე ნახევარფინალისტი საგზურს ავტომატურად ეუფლება, ხოლო ბორჯღალოსნების შემთხვევაში ეს მიიღწევა შვეიცარიისა და ნიდერლანდების „ავჭალაზე“ ძლევის გზით.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის კალენდარი
I ტური , 31 იანვარი
რუმინეთი – გერმანია
1 თებერვალი
საქართველო – შვეიცარია
პორტუგალია – ბელგია
2 თებერვალი
ესპანეთი – ნიდერლანდები
II ტური, 8 თებერვალი
საქართველო – ნიდერლანდები
ბელგია – რუმინეთი
9 თებერვალი
შვეიცარია – ესპანეთი
პორტუგალია – გერმანია
III ტური, 15 თებერვალი
ნიდერლანდები – შვეიცარია
რუმინეთი – პორტუგალია
16 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო
გერმანია – ბელგია
ნახევარფინალი, 1-2 მარტი
ფინალი, 15-16 მარტი