„ნაპოლიმ’’ დიდი საშობაო ზეიმი გადაიხადა. პიეტარსას ეროვნულ მუზეუმში 600 სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის, ცხადია, ფეხბურთელები თანმხლები პირებითურთ. იყვნენ ანტონიო კონტე და თვით პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც თავისი სიტყვით მთელი იტალიის ყურადღება მიიპყრო.
ზოგიერთმა საიტმა ზუსტად აღწერა ვინ რომელ საათზე გამოცხადდა წვეულებაზე. მართალია ჩამოთვლილთა უმეტესობის გვარ-სახელი არაფერს გვეუბნება, მაგრამ ვიგებთ, რომ მაგალითად სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა დანიშნულების ადგილზე 19 საათსა და 19 წუთზე მივიდა, ხოლო პრეზიდენტი დე ლაურენტისი ოჯახითურთ 19 საათსა და 43 წუთზე. კამორაზე გადაღებული სერიალის „გომორას’’ მოყვერულებისთვის ვიტყვით, რომ ზეიმზე დაპატიჟებული იყო ცნობილი მსახიობი, ჩირო დი მარციოს (მეტსახელად „უკვდავი’’) როლის შემსრულებელი მარკო დ’ამორე, რომელიც მუზეუმში 20 საათსა და 5 წუთზე მივიდა.
20 საათსა და 20 წუთზე გამოჩნდნენ პირველი ფეხბურთელები: სირილ ნგონგე და ბილი გილმორი. ოთხი წუთის მერე ორი მიკროავტობუსით მოვიდნენ დანარჩენი მოთამაშეები.
დე ლაურენტისმა თავის სიტყვაში თქვა, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში „ნაპოლი’’ იყო ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელიც უცვლელად გამოდიოდა ევროთასებზე, გასული სეზონი კი კოშმარული გამოვიდა, მაგრამ ის ამ ამბავს ორ-სამ წელიწადში მოინელებს, როდესაც გულშემატკივარს ახალ „გასართობს’’ შესთავაზებს.
შემდეგ დე ლაურენტისმა ნეაპოლის ისტორიის განდიდება დაიწყო. მან თქვა, რომ მე-18 და მე-19 საუკუნეებში მილანი და რომი როგორც დასავლური ცივილიზაციის შემოქმედი ქალაქები საერთოდ არ არსებობდნენ, ნეაპოლი კი იყო. გაიხსენა, რომ 1839 წელს გაიხსნა იტალიაში პირველი რკინიგზა, რომელმაც ნეაპოლი პორტიჩის დააკავშირა. შემდეგ სიხარული გამოხატა, რომ ზეიმს ესწრებოდნენ ქალაქის მერი და გუბერნატორი, რომლებიც გვერდიგვერთ ისხდნენ. თქვა, რომ მუნიციპალიტეტისა და რეგიონის ინტერესებს შორის სხვაობა კარგად ესმის, მაგრამ ამ ორ ბატონს შეუძლიათ ერთად იმუშაონ, რათა მიიღონ იტალიის სახელმწიფოსგან ყველაფერი, რასაც მათი ქალაქი და მხარე იმსახურებს.
ბოლოს პრეზიდენტმა ილაპარაკა კლუბისა და ქალაქის სიახლოვეზე და თქვა, რომ ისინი ერთად ქმნიან ახალ ნეაპოლურ რენესანსს.