„ნაპოლის’’ პრობლემა დაემატა. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ ალესანდრო ბონჯორნო დაშავდა. ბონჯორნო ის ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში „აძურის’’ დაცვაში ნაპრალები შეავსო და გუნდის თამაში სხვა დონეზე აიყვანა.
კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად „ტორინოს’’ ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ვარჯიშის დროს წელი იტკინა. სამედიცინო ტერმინებით თქვენც რომ არ დაგღალოთ და ჩვენც რომ არ ვიწვალოთ, დაზიანებულია ხერხემალი. ბონჯორნო დღეიდან მკურნალობის პროცესს იწყებს. პირველი ვარაუდების თანახმად მცველს ერთი თვის ან თვინახევრის გაცდენა მოუწევს, რაც 6 ან 8 თამაშს უდრის. მათ შორის არის შეხვედრები „ფიორენტინასთან’’, „იუვენტუსთან’’ და „ატალანტასთან’’.
ვინ უნდა ითამაშოს ბონჯორნოს ნაცვლად? „ნაპოლის’’ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა სავარაუდოდ ახალ ფეხბურთელს იყიდის. არის რამდენიმე კანდიდატურა, რომლებზეც ისედაც იყო ლაპარაკი. ერთი მათგანია 24 წლის პოლონელი იაკუბ კივიორი, რომელიც „არსენალში’’ თამაშობს, მეორე – „ემპოლიში’’ საბა გოგლიჩიძის თანაგუნდელი, 28 წლის ალბანელი ადრიან ისმაილი და მესამე თავისუფალი აგენტი, 27 წლის ბრაზილიელი ლუის ფელიპე, რომელიც „ლაციოში’’ თამაშობდა.
როგორც ამბობენ, ბონჯორნოს ტრავმის შემდეგ „ნაპოლი’’ უპირველეს ყოვლისა „არსენალს’’ დაუკავშირდა. საქმე ის არის, რომ პოლონელ კივიორს ნეაპოლში გადაბარგება სურს, რაც მოლაპარაკებებს ძალიან უწყობს ხელს. სავარაუდოდ პროცესი დაიძრა.