პირველთან შედარებით, სარაგბო ევროტურნირების მეორე ტური უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, თანაც უმაღლეს დონეზე დებიუტი ლუკა პეტრიაშვილის კვალად, სრულიად ახალგაზრდა ანდრო დვალმაც იზეიმა. არც პრო დ2-ელებმა შეირცხვინეს თავი. დაწვრილებით – ქვემოთ…
ჩემპიონთა თასი
ტური ლონდონში, ადგილობრივი „სეილ შარქსისა“ და „რასინგ-92“-ის დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც ინგლისურმა კლუბმა ბონუსით მოიგო – 29:7. პარიზელთა ერთადერთი ლელო კი გურამ გოგიჩაშვილმა გაიტანა, ვისთვისაც ეს იყო მეორე ლელო ჩემპიონთა თასზე ჩატარებულ 22-ე მატჩში. მეორე ტაიმში პარიზელთა შორის მეორე ქართველი, გია ხარაიშვილიც გამოჩნდა.
გიორგი ახალაძეც მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და მისმა „კლერმონმაც“ ასევე წააგო, ოღონდაც ბევრად ძლიერ მეტოქესთან და ბევრად საპატიო ანგარიშით – 7:15 დუბლინში „ლენსტერთან“.
„ტულონმა“ ჩელენჯ თასის მოგების გზით მთავარ საკლუბო ტურნირში მოხვედრილ „გლაზგო უორიორზს“ უმასპინძლა და შოტლანდიელებს ქულითღა აჯობა – 30:29. ნაოპერაციები ბექა გიგაშვილი 55-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდა.
ჩელენჯ თასი
III პულში მომხდარ ამბებზე „შავი ლომის“ მატჩზე მოყოლისას გიამბეთ, თუმცა, სხვა ექვსეულებშიც არ შეინიშნებოდა ქართველთა ნაკლებობა.
„მონპელიემ“ უელსურ „ოსპრეიზს“ შავი დღე აყარა და ბონუსიც აიღო – 59:15. ლუკა ჯაფარიძე ფრანგული კლუბის სასტარტოში იყო და 58-ე წუთამდე ითამაშა.
„ლიონი“ იტალიაში „ძებრეს“ ესტუმრა და 71-ე წუთზე ბექა საღინაძის ბრწყინვალე ლელოს ხარჯზე 21:19 კაცნაკლულ მეტოქეს აჯობა. ბექას ლელო მართლაც ლამაზი შეტევის შედეგად გავიდა, მის განხორციელებაში კი ლომის წილი ლეგენდარულმა ფიჯელმა სემი რადრადრამ დაიდო . ბექა თამაშში 49-ე წუთზე ირაკლი აფციაურთან ერთად ჩაერთო, ლელო კი მისთვის პირველი გამოდგა ჩელენჯ თასზე გამართულ მე-6 თამაშში.
გურამ პაპიძის „პომ“ აფრიკაში „ლაიონსთან“ 35:43 კი წააგო, მაგრამ მეტოქის დარად, 4 ლელოსთვის ბონუსი თავადაც მიიღო. ქათველი ბურჯი თამაშში პირველიდან 67-ე წუთამდე იყო.
„პერპინიანმა“ ირლანდიურ „კონახტს“ უმასპინძლა და 18:31 ხომ წააგო, თან მეტოქეს ბონუსიც ააღებინა. თუმცა, ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტიც დაფიქსირდა: საქართველოს U20-ის ერთ-ერთ ტალანტს, ჯერაც 19 წლის ანდრო დვალს პროფესიონალთა დონეზე დებიუტი ჰქონდა, თანაც – ჩელენჯ თასზე! ვულოცავთ ნიჭიერ 8 ნომერს კარიერის ამ მნიშვნელოვან მომენტს. ანდრო 52-ე წუთზე შეცვალეს, 54-ეზე კი თამაშში გელა აფრასიძე ჩაერთო.
პრო დ2
„ორიაკი“ აჟენში 17:43 განადგურდა, თუმცა, თედო აბჟანდაძემ თავისი მორიგი 7 ქულა მაინც მოინაგრა, რის შედეგადაც მას პრო დ2-ის 29 მატჩში უკვე 194 ქულა აქვს.
ლიდერმა „გრენობლმა“ მეორეადგილოსან „ბრივს“ შინ 34:22 მოუგო და მასპინძელთა პირველი ლელო საკუთარ ანგარიშზე გიორგი პერტაიამ ჩაიწერა, ვისთვისაც ეს იყო მე-3 ლელო პრო დ2-ის 8 მატჩში, ალპელთა დასკვნითი, მეოთხე ლელო კი ბორჯღალოსანი გიორგი ჯავახიას ანგარიშზეა. ჯავახიას სეზონური ანგარიში 9 მატჩში 5 ლელოს გაუტოლდა, სულ კი, ქართველ მეორეხაზელს პრო დ2-ში ამიერიდან 120 მატჩი და 20 ლელო აქვს!