სხვა აბა რა უნდა დაერქვას „შავი ლომის“ ვაიოაჟს ამ უცნაური სახელწოდების უელსურ ქალაქში?! კი ბატონო, ქართულ სარაგბო ფრენჩაიზს საუკეთესო თამაში არ გამოსვლია და „სკარლეტსმა“ ჩელენჯ თასის მეორე ტურში 36:18 მოუგო ბორჯღალოსნების საბაზო გუნდს, მაგრამ ძალზე რთულია, საწადელს მიაღწიო იმ პირობებში, როცა უკვე პირველ ტაიმში რიჩარდ კოკერილს სასტარტო შემადგენლობის სამი წევრი დაემტვრა…
ჯერ იყო და, დებიუტშივე მარჯვენა ბურჯი გიორგი ჩხარტიშვილი დაშავდა. მერე, მე-8 წუთზე სერიოზული ტრავმა 9 ნომერმა თენგიზ პერანიძემ მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა, ეს კი ნებისმიერი სარაგბო გუნდის საკვანძო პოზიციაა და ასე ნაადრევად ღერძის ნახევრის შეცვლა ნებისმიერ გუნდს არევდა. 29-ეზე მათ გზას გამოცდილი მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძეც გაუყვა – მოედნიდან ექიმების დახმარებით გავიდა.
გარდა ამისა, მე-15 წუთზე ლუკა მატკავამ სინბინი „აიკიდა“, თუმცა იმ მომენტისთვის მანვე ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმოთ მასპინძელთა სადებიუტო ლელოს უპასუხა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა – 6:7.
უელსელებმა მაშინვე გაგვიტანეს კიდევ ერთი ლელო, რომელიც ვერ გარდასახეს და 12:6 დაწინაურდნენ. როცა მატკავა დაბრუნდა, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ შემოგვიტიეს და კიდევ ერთი ლელო დაგვიდეს, რომელსაც იოლი გარდასახვაც მიაყოლეს – 19:6.
თამაში ძალზე დაძაბული და ხშირად უხეშიც იყო, რაშიც ქართველებს ვერავინ დაადანაშაულებდა. პირიქით, მოულოდნელად არაჯენტლმენურად უელსელები გამოიყურებოდნენ, არათუ ხისტად, არამედ ხშირად აშკარად უხეშადაც თამაშობდნენ, პროვოკაციებსაც არ ერიდებოდნენ და ხსენებული სამიტრავმაც ამის დასტურია. ჩვენი ბიჭები ერთი-ორჯერ წამოეგნენ კიდეც, თუმცა პირველ ტაიმში ამას გართულება არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, ეს ნახევარი ქართველთა შეტევებით დასრულდა და ლუკა ივანიშვილმა სხვაობა შეამცირა კიდეც. მან სტუმართა ლელოს მისადგომებთან ჯარიმა მოულოდნელად გაათამაშა, ცრუ-მოძრაობებით რამდენიმე მეტოქეს გასცდა და ლამაზი სოლოც შედეგიანად დააგვრგვინა. კუთხე მეტად მახვილი იყო და მატკავამ ლელო ვერ გარდასახა, თუმცა ტაიმის ანგარიში იმედისმომცემი გამოვიდა „შავი ლომისთვის“ – 19:11.
მეორე ტაიმის დაწყება კი საერთოდ… რაქის გაწმენდისას ზორბა ლადო ჩაჩანიძემ თავისი ზომის მეტოქე ფეხსა და მხარში ჩაავლო, ჰაერში ასწია და გვერდით მოისროლა, უელსელი მუხლსა და მხარ-თავზე ერტდროულად დაეშვა, მაგრამ ფრანგმა რეფერიმ ვიდეორეფერის დახმარებით ეს ეპიზოდი საგულდაგულოდ შეისწავლა და მას შუბური ბოჭვის კვალიფიკაცია მიანიჭა, რაც წითელი ბარათით ისჯება.
ასე დარჩა ჩვენი გუნდი კაცნაკლული. „სკარლეტსმა“ ეგრევე ლელო-გარდასახვა გაგვიტანა, თუმცა სულ მალე, ჩვენი შეტევისას, ლუკა მატკავამ ჩვეულ სტილში ინდივიდუალური გარღვევა წამოიწყო, მასპინძელთა რამდენიმე მცველი გააბითურა, თუმცა ბოლოს ვინც შებოჭა, სახეში თავი ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ „შავი ლომის“ კაპიტანს სისხლიც წასკდა, მოედნის დატოვებაც მოუწია და ექიმებმა აღარც დააბრუნეს. ღერძის მეორე ნახევრის დაკარგვა უკვე მეტისმეტი იყო, ქართული გუნდის თამაში საბოლოოდ აირია, თუმცა მანამდე, ვიდრე მატკავასთვის თავის ჩამრტყმელი სინბინს იხდიდა, მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა და ლუკა ცირეკიძემ გარდასახა. ანგარიში 26:18 გახდა, მაგრამ ამხელა დანაკარგით გამარჯვება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. უელსელებმა კიდევ თითო ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაგვიტანეს, ბონუს-ქულაც დაიბევეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 36:18.
ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ ერთი კვირის წინ „შავმა ლომმა“ „ვანი“ დაამარცხა, რომელიც ამ „სკარლეტსზე“ ბევრად სოლიდურად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
ჰო, „ვანმა“ შესანიშნავი კონდიციები ამ ტურშიც დაადასტურა – ინგლისურ „გლოსტერს“ 43:19 მოუგო და ცხრილის მეორე საფეხურზე ავიდა. პირველზე კი შოტლანდიური „ედინბურგია“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ფრანგული „ბაიონი“ გაანადგურა – 52:12. „შავი ლომი“ პლეი-ოფში გამსვლელ მე-4 საფეხურზეა, მომდევნო მატჩს კი უკვე გაისად, 11 იანვარს თვილისში ხსენებულ „ბაიონთან“ გამართავს.