საფრანგეთის მოწინავე სარაგბო ლიგების გასულ ტურში ქართველმა ლეგიონერებმა თავი 6 ლელოთი ისახელეს, მთავარი კი მაინც დავით ნინიაშვილის დუბლი გახლდათ. ნინიაშვილი ბოლო დროს საოცარ ფორმაშია, თუმცა მიმდინარე სეზონში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე ერთი ლელოც ვერ გაეტანა და როგორც იქნა, ეს ნავსიც გატყდა.

ტოპ 14

ბექა გორგაძის გარეშე დარჩენილმა „პომ“ „ლიონს“ უმასპინძლა და 29:15 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ერთბაშად 3 ქართული ლელო დაფიქსირდა. 29-ე წუთზე ნინიაშვილი მარცხენა ფრთიდან ლიონელთა კონტრშეტევას აჰყვა, ფეხით შეცურებულ ბურთს დაეწია და ალამთან დაამიწა. 61-ეზე სიტუაცია განმეორდა და „ნინიმ“ ბასკები კონტრშეტევისას გამოიჭირა, იგივე მარცხენა ფრთიდან შევარდა ლელოში და ალამთან დადო ბურთი. ამ მომენტში ლიონელები 15:12 დაწინაურდნენ, თუმცა მას მერე ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აგროვეს. მათ ერთი ჯარიმა და ორი გარდასახული ლელო მიითვალეს, რომელთაგან ერთ-ერთი შეცვლაზე შესულმა გურამ პაპიძემ გგაიტანა, ვინც 72-ე წუთზე არაადამიანური მიძალები ბურთი ლელოში რაქიანად შეათრია.

ეს იყო გურამის მე-3 ლელო ტოპ 14-ის 61-ე მატჩში. ნინიაშვილს კი, ინდივიდუალური გაბრწყინების მიუხედავად, ღირსშესანიშნავი მოვლენა რამდენადმე დაეჩრდილა – დათუნა ხომ 50-ე მატჩს ატარებდა ტოპ 14-ის ეგიდით. რაც შეეხება მის სალელოვე ანგარიშს, აქ მას უკვე რიცხვი „19“ უწერია!

ნინიაშვილის გარდა ლიონელთა სასტარტოში ირაკლი აფციაური და ბექა საღინაძეც იყვნენ, თუმცა მარცხისგან და ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე დაშვებისგან გუნდის ხსნა მაინც ვერ მოხერხდა.

ლიდერის რანგში კი კვლავაც მოქმედი ჩემპიონი „ტულუზია“, რომელმაც დედაქალაქში „რასინგ -92“-ს მძიმე ბრძოლა მოუგო – 21:17. პარიზელთა სასტარტოში გურამ გოგიჩაშვილი იყო, ვისაც დასასვენებლად მხოლოდ 12 წუთი მიეცა, ვიდრე მისი შემცვლელი ტრავმას მიიღებდა.

პრო დ2

რანგით მეორე დივიზიონში ჩვენმა ბიჭებმა სამი ლელო გაიტანეს, მათ შორის ერთ-ერთი თავის ანგარიშზე სანაკრებო დებიუტით ფრთაშესხმულმა გიორგი შველიძემ ჩაიწერა. „ბრივის“ აწ უკვე ბორჯღალოსანმა შუამარბმა „მონტობანთან“ ბონუსით, 37:22 მოგებული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და უკვე მე-10 წუთზე, მოგებული შერკინებიდან დაწყებული შეტევა ალამთან ბურთის დამიწებით დააგვირგვინა. ეს იყო შველიძის პირველი ლელო მიმდინარე სეზონის მე-9 მატჩში, სულ კი მისი ჯერაც ხანმოკლე პროფესიული კარიერა მოცემული ლიგის 17 მატჩსა და 3 ლელოს ითვლის.

კიდევ ორი ლელო კი ნევერელმა ბურჯებმა დადეს. მარცხენა – თორნიკე მატარაძე „დაქსთან“ საშინაო მატჩში 48-ე წუთზე ჩაერთო და 61-ეზე სეზონში პირველი ლელო გაიტანა, რომელიც მისთვის პრო დ2-ის 106-ე მატჩში მე-3 იყო. მარჯვენა ბურჯი – სრულიად ახალგაზდა ლაშა ფხაკაძე, თამაშში 59-ეზე შევიდა და 78-ეზე პროფესიულ კარიერაში სადებიუტო ლელოც მიითვალა. ლაშა პრო დ2-ში მხოლოდ მე-9 მატჩს ატარებდა, თუმცა ქართველთა თავგამოდების მიუხედავად, „ნევერმა“ მაინც წააგო და სანუგეშო ქულაც ვერ აიღო – 24:31.