საიტი areanapoli „ნაპოლის’’ თამაშების შემდეგ რეგულარულად გვთავაზობს მათ ტაქტიკურ ანალიზს. პორტალმა ტრადიციას არც „რომასთან’’ შეხვედრის მერე უღალატა. „აძურიმ’’ 1:0 მოიგო. იტალიურ, კერძოდ ნეაპოლურ მედიაში კი განსაკუთრებული რისხვა თავს ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას დაატყდა. გარემარბს აკრიტიკებენ არა მხოლოდ ჟურნალისტები არამედ ვეტერანი ფეხბურთელები, გადამდგარი მწვრთნელები და ფეხბურთთან დაკავშირებული სხვა ადამიანები, თუმცა შეხვედრის ანალიზმა areanapoli-ს ექსპერტები დაარწმუნა, რომ ხვიჩასადმი ასეთი დამოკიდებულება სამართლიანი არ არის.
მატჩის ზოგად მიმოხილვაში Areanapoli წერს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო „რომას’’ თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ „ნაპოლის’’ 1-4-4-1-1 სქემა დაუპირისპირა. მისი წყალობით „ჯალოროსის’’ თამაში ადრინდელზე უფრო დაბალანსებული გახდა, ფეხბურთელები უკეთ აზღვევდნენ ერთმანეთს. გუნდს ჰყავდა ორი ფრთის მოთამაშე – მარჯვნივ ჩელიქი, მარცხნივ ანხელინო – რომლებიც უკნიდან მოქმედებდნენ და ნახევარსივრცეების დაზღვევაზეც იყვნენ ორიენტირებულნი. შედეგად „ნაპოლის’’ ფლანგებზე სივრცეები გაეხსნა და სწორედ ამიტომ შეძლეს პოლიტანომ და კვარაცხელიამ პირველ ტაიმში სვილარის კართან რამდენიმე ხიფათის შექმნა. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს „ნაპოლის’’ უპირატესობა დიდწილად მოჩვენებითი იყო. მეტიც, მას მერე რაც დაწინაურდნენ მასპინძლებმა თავიანთი საჯარიმოსკენ დაიხიეს, რაც მიმდინარე სეზონში ხშირად ხდება.
იმან, რომ საგოლე მომენტების კოეფიციენტი მასპინძლებს 2.02 ჰქონდათ, ხოლო სტუმრებს 0.59, ბურთის ფლობა 63% 37%-ის წინააღმდეგ იყო, ხოლო კარისკენ დარტყმები 14:6 მცდარი შეხედულება არ უნდა შეგვიქმნას. სამაგიეროდ, ნეაპოლელებმა კარის ჩარჩოში მხოლოდ ორჯერ დაუმიზნეს, რომაელებმა კი ძელს გაარტყეს ბურთი. ბოლო 18 მეტრში ორივე გუნდს პასების თანაბარი (5) რაოდენობა ჰქონდა, რაც ბალანსზე მიუთითებს და მეტიც, „ნაპოლის’’ PPDA ანუ მეტოქე გუნდის ფეხბურთელების მიერ ერთმანეთისთვის გადაწოდებული პასების რაოდენობა გაყოფილი გამოსაკვლევი გუნდის დაცვით აქტივობებზე ნაკლები იყო (11.18) „რომას’’ მაჩვენებელზე (14.43). ეს კი იმას ნიშნავს, რომ „რომაელები’’ მასპინძელთა კომბინაციებს უფრო ადვილად შიფრავდნენ ვიდრე ნეაპოლელები სტუმრებისას. სხვა სიტყვებით, ლუკაკუს გოლსა და 93-ე წუთზე ნერეშის დარტყმას თუ არ ჩავთვლით, „აძურის’’ მეორე ტაიმში სტუმართა მეკარე არ შეუწუხებია. მოკლედ რომ ვთქვათ, „ნაპოლის’’ შეტევა კვლავ უკბილოა და ის თავის მცირე შედეგს მხოლოდ გაძლიერებული დაცვის ფონზე იძლევა. და მაინც, პორტალის აზრით რანიერიმ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მეორე ტაიმში მოედანზე 5 მცველით დაბრუნდა ― უკანახაზელებს დაამატა მატს ჰუმელსი, რომელიც საკუთარი თავის ჩრდილიღაა.
შემდეგ კი areanapoli-მ მიმოხილვის ცალკე, მოზრდილი ქვეთავი კვარაცხელიას მიუძღვნა. პორტალის ტაქტიკოსთა აზრით ქართველი ადრე უფრო დაბნეული იყო და ახალი მწვრთნელის ხელში ვერ გარკვეულიყო რა უნდა ეკეთებინა, „რომასთან’’ კი მან სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ბუნებრივია აქ ლაპარაკი არ არის იმ სერიოზულ შეცდომაზე რომელიც მან მეორე წუთზე დაუშვა, როდესაც თავით გოლის გატანა მართებდა.
ცხადია „ჯალოროსისთან’’ შეხვედრაში საგოლე მომენტების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი გოლის ავტორ ლუკაკუს გამოუვიდა (0.93), მეორე კი იყო კვარაცხელია – 0.53. მან აგრეთვე შეასრულა 7 პროგრესული (30 მეტრი და მეტი) პასი, რითაც მხოლოდ პოლიტანო გაუტოლდა და ასევე პოლიტანოსთან ერთად ჰქონდა საუკეთესო SCA ანუ იმ მოქმედებათა კოეფიციენტი, რომელსაც საბოლოოდ კარში დარტყმა მოჰყვა. მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი პასი კვარაცხელიამ გადააწოდა – 2. ის ასევე ყველაზე მეტჯერ, 32-ჯერ შეეხო ბურთს მოედნის ბოლო მეოთხედში. კვარას ტოლი არ ჰყავდა მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხების რაოდენობაშიც – 5.
თუკი ამას დავამატებთ იმ ფაქტს, რომ ამ შეხვედრაში ქართველმა ბურთი 353 მეტრზე ატარა, 7-ჯერ შეიტანა ის მოედნის ბოლო მესამედში და 3-ჯერ საჯარიმოში, მივხვდებით, რომ სულ 55 შეხებით ის და პოლიტანო მეტოქის კარს ყველაზე ინტენსიურად უტევდნენ.
ერთადერთი კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში წარმატებული ცრუმოძრაობებით ვერ გამოიჩინა თავი, თორემ სხვა მხრივ, რიცხვებს თუ ჩავხედავთ, ის იყო ყველაზე ინიციატივიანი ნეაპოლელი და ამის დაუფასებლობა არ შეიძლება.
შემდეგ areanapoli სვამს საინტერესო კითხვას: თუკი ასეა, მაშ რატომ შეცვალა კონტემ 67-ე წუთზე ნერეშით კვლავ კვარაცხელია და არა პოლიტანო, რომლის ფლანგზე ბრაზილიელი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს? სტატისტიკა ხომ პირდაპირ ამბობდა, რომ ქართველი ცუდად არ თამაშობდა.
ბოლოს კი პორტალს საილუსტრაციოდ მოჰყავს ფეხბურთელთა მოქმედებების რუკა, რომელიც აჩვენებს, რომ ლუკაკუ თავდასხმაში პარტნიორთაგან პოლიტანოსა და კვარაცხელიასგან შორს დგას, იზოლირებულია, ხოლო კვარას მარცხენა ფრთაზე ოლევერა ვერ ეხმარება. მწვრთნელის დიქტატის გამო ქართველს ვერც მაკტომინეი ეხმარება. და საერთოდ, საიტის აზრით დიდი განსწავლულობა არ უნდა იმის შემჩნევას, რომ კონტეს შემტევი ტრიო ერთსულოვნად ვერ მოქმედებს. საბოლოოდ areanapoli წერს, რომ შეტევაში გუნდის ასეთი თამაში კონტეს ტაქტიკის შედეგია და არის ეჭვი, რომ ეს დამოკიდებულება „აძურის’’ გოლების რაოდენობას ვერ გაუზრდის.