ჩეხეთის ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფის შეხვედრაში საქართველო 2:1 დაამარცხა და  A ლიგაში აღზევდა. ჩეხებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. საქართველო მესამეზე გავიდა. მატჩის შემდეგ მასპინძლების მწვრთნელმა ივან ჰაშკმა თქვა:

– პირველ ტურში საქართველოში მძიმე დამარცხების შემდეგ ელოდით, რომ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდით?

– ველოდი. ამის რწმენა რომ არ მქონოდა გადავდგებოდი. საკუთარი გეგმის მჯეროდა. ამ გეგმისთვის მინდა ჩემს ასისტენტებსა და ანალიტიკოსებს მადლობა ვუთხრა. ისინი ამზადებდნენ ვიდეოკლიპებს, მუშაობდნენ ტაქტიკურ მომზადებაზე. ჩვენ შედეგს პატიოსანი შრომით მივაღწიეთ. მოვიგეთ პატიოსანი ფეხბურთით. ბოლომდე ვიბრძოლეთ. მხარში ვედექით ერთმანეთს. მაგრამ ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად მხოლოდ პატარა ნაბიჯი გადავდგით. ჩვენი მიზანი მუნდიალზე გასვლაა.

– ერთა A ლიგაში აღზევება იმავდროულად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ფლეი-ოფში მოხვედრასაც ნიშნავს. რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო?

– ჩვენ ჯერ კიდევ შუალედურ ეტაპზე ვართ. მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ამოცანად ჯგუფში გამარჯვება გვქონდა დასახული და პირველ ეტაპზე ეს ამოცანა შევასრულეთ. ახლა შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ. თუმცა მთავარი მიზანი, რომლის გამოც ნაკრების მწვრთნელი გავხდი, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრაა.

– საქართველოში წაგების შემდეგ ყველა მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდით. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

– როდესაც ერთ შეხვედრაში ოთხ გოლს უშვებ, არავინ შეგაქებს. ჩვენ იმ შეხვედრაში კარგად ვერ ვითამაშეთ და ამაზე თავისი აზრი ბევრმა კომენტატორმა, ექსპერტმა თუ სხვა ადამიანმა გამოთქვა. ფეხბურთში ყველა ერკვევა და ეს ნორმალურია. მოგვიწია ამ სიმწარის გადაყლაპვა და მდგომარეობიდან ალალი ბრძოლით გამოსვლა. ჩვენ მობილიზებულები ვიყავით, მთელი ძალით ვინდომებდით და ამან სარგებელი მოგვიტანა.

– როგორ ცვლიდით გეგმას თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ?

– ნებისმიერ მწვრთნელს უნდა, რომ მაყურებელს ყველა შეხვედრაში სპექტაკლი დაუდგას, მაგრამ რეალობა სხვაა. ჩვენ გუნდურ თამაშს დავუბრუნდით, ვინაიდან სხვა ვარიანტი არ არსებობს. შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, დიდ როტაციას დავინახავთ. ქართველებმა ფაქტობრივად იმავე შემადგენლობით ითამაშეს, რომლითაც გერმანიაში დაგვიპირისპირდნენ. ჩვენ ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, მაგრამ მაინც გავართვით თავი. დღეს შედეგს იმ ბიჭებმა მიაღწიეს, რომელთაც ევროზე ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდათ.

შეხვედრის ბოლოს იან კუჩტამ იან ბორილი ისე დააზღვია, რომ გულშემატკივრის აღფრთოვანება გამოიწვია. ეს გუნდურ სულისკვეთებას ნიშნავს?

– ბიჭები ერთმანეთს მხარში უდგანან. ვიღაც ცდება, მაგრამ სხვები მისი შეცდომის გამოსწორებას ცდილობენ. ჩვენ ქართველებივით ტექნიკურები არ ვართ, მაგრამ მიზნის მიღწევა გუნდურად შევძელით.