თუკი საქართველოსა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში (1:1) ვინმე გამოირჩეოდა ეს ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც სწორედ ის ფეხბურთი ითამაშა, ასე რომ მოენატრა ქართველ გულშემატკივარს. მატჩის შემდეგ კვარაცელიამ თქვა:

„ვულოცავ გიორგი მამარდაშვილს, შეხვედრის ბოლოს მან გადაგვარჩინა. თუმცა, ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ძალიან ხშირად იგერიებს. როდესაც უკრაინელებმა კარში დაარტყეს, ვიფიქრე, რომ გაგვიტანეს, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. ახლა წინ ჩეხეთთან შეხვედრაა. სულ ვიმეორებ, რომ ჩვენი გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის. ჩვენთვის სულერთია ვინ არის მოწინააღმდეგე. ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩეხეთს მოვუგოთ’’.

კვარაცხელიასთან დაკავშირებით საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ დღევანდელი ნეაპოლური საიტების მთავარი თემა მისი და „ნაპოლის’’ ურთიერთობაა ― ყბადაღებული ახალი კონტრაქტის საკითხი. Sky Sport 24-ზე დაყრდნობით ყველა ნეაპოლური პორტალი იმეორებს, რომ ნოემბრის დასაწყისში კლუბისა და ფეხბურთელის წარმომადგენელთა შეხვედრამ პროგრესი ვერ მოიტანა. მხარეები მყარად დგანან თავიანთ პოზიციებზე. „ნაპოლის’’ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს არ სურს ფეხბურთელს ხელფასისა და ბონუსების ჯამში 6 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზოს, კვარაცხელიას მხარე კი 8 მილიონს ითხოვს და უკან არ იხევს.

ამასობაში ქართველის შეძენით კვლავ დაინტერესებულია „პარი სენ ჟერმენი’’, მაგრამ მას ბოლოხანს „ბარსელონას’’ სახით კონკურენტი გამოუჩნდა. „კორიერე დელო სპორტი’’ განმარტავს, რომ „ბარსელონა’’, რომელსაც მარჯვნიდან ლამინ იამალი ჰყავს, ხოლო შუაში რობერტ ლევანდოვსკი, მარცხნიდან კვარაცხელიას დამატებით ძალიან გაძლიერდება. რომაული გაზეთის აზრით ქართველი გარემარბი „ბლაუგრანასთვის’’ ზედგამოჭრილია. კატალონიელთა გერმანლი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი რაფა ლეაოს ან ნიკო უილიამსის ვარიანტებსაც განიხილავს, მაგრამ უპირატესობას ხვიჩას ანიჭებს.