„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტური „იბერიისა“ გამოდგა. ლევან კორღალიძის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს, ამჯერად სტუმრად, „დინამოსთან“- 2:0. ორივე გოლი მალელმა შეიკნე სილამ გაიტანა. ახლა მას 13 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია.
დინამოელები მე-17 წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ, მსაჯმა მათი კაპიტანი ალექსანდრე კალანდაძე ორი გაფრთხილების გამო დაითხოვა მინდვრიდან. ამან, ცხადია, თამაშის სცენარი საგრძნობლად შეცვალა.
მისმა უშუალო კონკურენტებმა, „დილამ“ და „ტორპედომ“ კი ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, მატჩი ფრედ დაასრულეს და „იბერია“ სამი ქულით „გაუშვეს“ წინ. ქუთაისელთაგან ბურთი ბიორნ იონსენმა შეაგდო. ეს მიმდინარე ჩემპიონატის მე-400 გოლი გახლდათ. სხვათა შორის, მანვე გაიტანა მე-200, „გაგრასთან,“ მე-16 ტურში.
ახლა ნორვეგიელს 21 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს.
„გაგრამ“ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო „სამტრედიას“ (2:1) და ჯერჯერობით ფლეი-აუტის ზონას თავი დააღწია. გამარჯვების გოლი ექს-გარეჯელმა, გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა, რომელიც 8 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია (შარშან „გარეჯში“ თამაშისას მან 18-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი).
„კოლხეთმა“ „სამგურალს“ ვერ მოუგო (1:1) და ფლეი-აუტის ზონაში დაეშვა. „ბათუმისა“ და „თელავის“ შეხვედრას კი (1:0) სატურნირო ცხრილზე გავლენა არ მოუხდენია. „ბათუმი“ ისევ მეოთხეზეა, „თელავი“ – ბოლოსწინა, მეცხრეზე.
კოლხეთი 1:1 სამგურალი
1:0 ლაშა კოხრეიძე (1), 1:1 ბული (75)
გაგრა 2:1 სამტრედია
1:0 აფციაური (6), 1:1 ოვუსუ (48), 2:1 ხარებაშვილი (84)
დინამო 0:2 იბერია
0:1, 0:2 სილა (1, 32)
გაძევება: კალანდაძე (17) – დინამო
დილა 1:1 ტორპედო
0:1 იონსენი (21), 1:1 ვაუტერი (70)
ბათუმი 1:0 თელავი
1:0 ბალბურდია (30)
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იბერია 1999 | 32 | 21 | 4 | 7 | 69:43 | 67 |
ტორპედო | 32 | 19 | 7 | 6 | 53:35 | 64 |
დილა | 32 | 16 | 11 | 5 | 53:28 | 59 |
ბათუმი | 32 | 13 | 10 | 9 | 39:37 | 49 |
დინამო | 32 | 9 | 12 | 11 | 32:37 | 39 |
სამგურალი | 32 | 9 | 9 | 14 | 47:47 | 36 |
გაგრა | 32 | 9 | 5 | 18 | 32:49 | 32 |
კოლხეთი | 32 | 6 | 13 | 13 | 39:55 | 31 |
თელავი | 32 | 7 | 9 | 16 | 27:38 | 30 |
სამტრედია | 32 | 5 | 12 | 15 | 31:53 | 27 |
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 21, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 17, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 14, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 13