ხვალ „ნაპოლი’’ „ატალანტას’’ მასპინძლობს. შეხვედრის წინ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც ბევრ კითხვას უპასეხა მათ შორის ასეთს:
– კვარას და ლუკაკუს თამაშით კმაყოფილი ხართ?
– ჩემი პრეზენტაციის დღეს ვთქვი, რომ წინა სეზონში „ნაპოლიმ’’ 48 გოლი გაუშვა, მაგრამ ეს მხოლოდ დაცვისა და მეკარის ბრალი არ იყო. ზუსტად ასეა ახლაც: ის რომ კვარა და ლუკაკუ კარგად თამაშობენ მთელი გუნდის დამსახურებაა. მილანში კარგად მოძრაობდა მაკტომინეი. გოლების გატანაში ყველა ხაზი მონაწილეობდა. წარმატება თავგანწირვამ და დაცვაში თამაშის ჟინმა მოიტანა. ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ორ ფაზაში ― შეტევასა და თავდაცვაში. მე არასდროს გამოვყოფ კონკრეტულ ფეხბურთელებს, ყოველთვის რგოლების დამსახურებას ავღნიშნავ. „ატალანტასთან’’ ჩვენს უკანა ხაზს დიდი გამოცდა ელის, რადგან საუკეთესო თავდასხმასთან მოუწევს გამკლავება. მეტოქე მომზადებული და ორგანიზებული იქნება, მაგრამ ჩვენი პირველი ფიქრი იქნება გატანა, მეორე კი არ-გაშვება. შინ ვთამაშობთ და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ.
– რა ხიფათს ელით „ატალანტასგან’’?
– ხიფათი ისაა, რომ ვხვდებით ძლიერ გუნდს, რომელმაც გასულ სეზონში ევროპის ლიგა მოიგო. „ატალანტამ’’ სერია A-ში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილი მოიპოვა. ის უკვე წლებია ამას აკეთებს. ეს ჯან პიერო გასპერინის დამსახურებაა, რომელმაც წარმოუდგენელი სამუშაო ჩაატარა. მე გასპერინის უდიდეს პატივს ვცემ. „იუვენტუსის’’ ახალგაზრდულ გუნდს რომ მწვრთნიდი ის ჩემი ხელმძღვანელი იყო. ძლიერი თუ არ ხარ ევროპის ლიგას ვერ მოიგებ. შესაძლოა „ატალანტა’’ შარშანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენთან შეხვედრას მთელი გულისყურით არ მოეკიდოს. ჩვენნაირ გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე არ მონაწილეობენ უპირატესობა აქვთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ „ატალანტას’’ სტრუქტურა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში, ერთმანეთისგან განსხვავებულია.
– ლობოტკა როგორ არის?
– ლობოტკა შემდეგი თამაშისთვის მზად იქნება. მისი მკურნალობა დასასრულს უახლოვდება. იმავდროულად გილმორის ოსტატობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ბილის დონე ყველამ კარგად ვიცით. მე მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.
– შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდს უკვე კონტეს მენტალიტეტი აქვს?
– ჩვენ მუშაობის პროცესში ვართ. ოთხ თვეში ვერ იტყვი, რომ რაც გარდასაქმნელი იყო ყველაფერი გარდავქმენით. აქ დამხვდნენ ბიჭები, რომლებიც განვითარებისთვის მზად იყვნენ. ეს კი ყველაფრის საძირკველია.
– ამ სეზონში „ნაპოლიმ’’ სკუდეტო რომ მოიგოს სასწაული იქნება?
– მე მორწმუნე კათოლიკე ვარ, ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ და მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცი რომელიც სასწაულებს ახდენდა. მუდმივად ვლოცულობ, ღმერთს შევთხოვ, რომ ჩემი ფეხბურთელები კარგად იყვნენ. ვლოცულობ ჩემი ოჯახისა და მოთამაშეებისთვის. ჩვენ ვცდილობთ საქმეს თანმიმდევრულად მივყვეთ, უფალი კი ისმენს და გვეხმარება. შეცდომის უფლება არ გვაქვს. ყველამ, საწყობის თანამშრომლით დაწყებული ფიზიოთერაპევტით დამთავრებული მუხლჩაუხრელად უნდა ვიმუშაოთ.
– პოლიტანო მეტოქის შეტევისას მცველია და შემდეგ თავდასხმაში მიდის…
– მატეომ თავად შემომთავაზა ეს იდეა. მან მითხრა, რომ როდესაც მოწინააღმდეგე ხუთივე დერეფანში გვიტეს, მას შეუძლია დაცვაში დადგეს. პოლიტანო საუცხოოდ თამაშობს. ნგონგეც მზად იყო საამისოდ. ვუყურე „არსენალს’’ „ატალანტასთან’’. ლონდონელები ლუკმენის გასანეიტრალებლად ხუთი კაცით იცავდნენ თავს. 6-3-1-იც კი მაქვს ნანახი.
– ათი შეხვედრიდან შვიდში გოლი არ გაუშვით, ეს საუკეთესო დაცვას ნიშნავს, მაგრამ „ნაპოლის” შეტევაც ძლიერი ჰყავს. იქ კვარა და ლუკაკუ არიან. როგორ ფიქრობთ, შემდეგი სამი სეზონის განმავლობაში კვარა-ლუკაკუ-კონტეს ტრიო შეძლებს „ნაპოლის’’ წარმატებების უზრუნველყოფას?
– იგებს და მარცხდება „ნაპოლი’’. იმის თქმა, რომ კონტე იგებს და მარცხდება სწორი არ არის. ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ. უხეირო შედეგების შემთხვევაში კრიტიკის მოსასმენადაც უნდა ვიყოთ მზად. ძალიან კარგად ვიცი, რომ პოლიტანო ბრილიანტია, მაგრამ გოლი რომ გავუშვათ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, რომ ის მეტისმეტად დაბალია. ამიტომ მინდა ყველას თანადგომა ვთხოვო. ჯერჯერობით მხოლოდ ათი ტურია გასული. გამარჯვებებსა და დამარცხებებში ჩვენ ყველანი ერთად ვმონაწილებთ. მხოლოდ ჩვენ, ჩვენ ჩვენ’’.