მიდის თუ რჩება? არა და არ ცხრება მითქმა-მოთქმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო. „ნაპოლიმ’’, როგორც ჩანს, თავისი ბოლო სიტყვა თქვა: წელიწადში 6 მილიონი ევრო ბონუსებიანად. კლუბი დარწმუნებულია, რომ ქართველისთვის ეს სამართლიანი თანხაა. უახლოეს პერიოდში (ამბობენ ორი კვირის განმავლობაშიო) პარტენოპეელები სწორედ ამ წინადადებით მიმართავენ ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს.

უკვე წელიწადია არ დაადგა საშველი 2022-23 წლების სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ახალ ხელფასს. იტალიური მედიის თქმით „ნაპოლის’’ ამ საკითხის მეტად გაჯანჯლება აღარ უნდა. 6 მილიონი ის ხელფასია, რომელსაც რომელუ ლუკაკუ იღებს და იტალიელი მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ასეთი შეთავაზება თვალნათლივ აჩვენებს კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის კეთილგანწყობას გარემარბის მიმართ. ჯერჯერობით შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის განსხვავება 2 მილიონია ― ხვიჩას გარემოცვა 8 მილიონ ევროს ითხოვს. რეალური ხელფასი კი, რასაფ ფეხბურთელი ჯერჯეროით იღებს, წელიწადში 1.8 მილიონი ევროა. კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში.

„ნაპოლის’’ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ბოლო პრეს-კონფერენციაზე თქვა: „კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დეტალებზე საჯაროდ საუბარი სწორი არ იქნება. ერთადერთი, რაც მე პირადად ვთხოვე ხვიჩას სეზონზე ფოკუსირებაა და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ასეც მოიქცევა, რადგან ჩვენ სამაგალითო პროფესიონალზე ვლაპარაკობთ. იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. მეორე მხრივ, გამოცდილებით ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება’’.

ამრიგად იკვეთება ასეთი სურათი: თუ კვარაცხელია „ნაპოლისთან’’ სეზონის ბოლომდე საერთო ენას ვერ გამონახავს, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში „პარი სენ ჟერმენი’’ და „მანჩესტერ იუნაიტედი’’ გააქტიურდებიან. მოგეხსენებათ, პარიზელები გასულ ზაფხულშივე ცდილობდნენ ქართველის გადაბირებას. ისინი ფეხბურთელს წელიწადში 11 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.