იტალიური პორტალი ilnapolista გვთავაზობს ჟურნალისტ მარკო პიჩირილოს წერილს სახელწოდებით „სუპერლიგა ამ მოსაწყენ და გაცვეთილ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესი აღარ იქნებოდა?’’ შესავალში ავტორი წერს, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ტელეეკრანებთან 2025 წლის 4 მარტს შევხვდებით, მანამდე კი საკუთარი საქმეებით ვიქნებით დაკავებულები. პიჩირილო განმარტავს, რომ 4 მარტს გულშემატკივრები ჩაუჯდებიან ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპს, ანუ შეჯიბრების იმ სტადიას, როდესაც შეჯიბრება უკვე ხალხისთვის გასაგები და მისაღები გახდება: წააგე – წადი! მანამდე კი საყურებელი არაფერია. მანამდე შეგვიძლია განვიხილოთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები სარეცხის მანქანის ინსტრუქციის ჩათვლით. ეს უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის უგემოვნებოდა უფორმო ნაწილი.
ავტორი ტელეკომპანია Sky-საც აკრიტიკებს, რომელიც იტალიელ მაყურებელს თურმე უკვე თვეებია რეკლამის საშუალებით ტვინს უბურღავს, რომ რაც მეტი გუნდი იქნება შეჯიბრებაში, მით მეტი ფეხბურთი იქნება მათ ეკრანებზე და მით უფრო მძლავრი ნაკადით წამოვა მსოფლიოს ყველაზე დიდი სანახაობა. სინამდვილეში კი საქმე გვაქვს არც მეტი არც ნაკლები ულოგიკოდ, შემთხვევითობის პრინციპით შედგენილ კალენდარზე, რომლის წყალობითაც მივიღეთ დიდი კლუბების ჯახები სხვა დიდ კლუბებთან, ოღონდ ეს თამაშები არაფერს წყვეტს. მათ ენაცვლება ისეთი მატჩები, როგორებიცაა მაგალითად „ლივერპული’’ „ბოლონიას’’ წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ხდება რაღაც ჩახლართული რეიტინგის მისაღებად, რომელზე დაყრდნობითაც თუკი 4 მარტამდე სრულ ჭკუაზე მივედით, ნამდვილ სახალხო შეჯიბრებას ჩავუჯდებით. ამ მასშტაბური აბდაუბდის გასამართლებელი სიტყვა კი არის „ლიგა’’, ხოლო დედააზრი ის, რომ შემთხვევით რომელიმე მონსტრი მალევე არ გავარდეს. თუ ვინმეს დასაწყისში ფეხი დაუცდება, მეორე შანსი უნდა მიეცეს. მონსტრს ხელმეორე კვება სჭირდება.
პიჩირილო სვამს კითხვას: რატომ მოიფიქრეს ასეთი რაღაც? პასუხი აშკარაა: ფულის გამო. ძალიან დიდი ფულის გამო. მაგრამ ძალიან დიდი ფულის ძიებაში თავად ფეხბურთი გაცდა იმ ადგილს საიდანაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მოტრიალება და გამოიწვია ბუნებრივი მოვლენა: ხალხმა ზღვარგადასული შეჯიბრებისგან გაქცევა დაიწყო. ზედმეტი და არაფრის მომცემი ფეხბურთიც კი არავის სჭირდება. ადამიანები ბრწყინვალედ შეფუთული შეჯიბრების სამხედრო ალყაში მოექცნენ. დიახ, ბევრი გამოდგა სულელი, რომელიც TikTok-ის ალგორითმების ჰიპნოზის ქვეშ მოექცა, მაგრამ ეს ხალხი იმდენად სულელიც არ აღმოჩნდა, რეკლამის ხათრით ყოველ დღე „ზალცბურგ’’-„ბრესტს’’ რომ უყუროს.
კრისტოფ დუგარის უთქვამს, ჯერ არ მგონია, რომ იმედგაცრუების მომენტი დადგა, მაგრამ ინტერესი კი დაიკარგა და ეს შეიძლება უარესიც იყოსო. „ხალხისთვის მოგება და წაგება სულერთი გახდა. ისინი უკვე გულგრილები არიან, ყველას თავისი, კერძო, უფრო მნიშვნელოვანი საქმე აღმოაჩნდა. შეუძლებელია იმის გაააზრება, თუ რამდენ უსარგებლო თამაშს ვუყურებთ’’ – თქვა დუგარიმ.
ფეხბურთელები, რომელთაც ფულს უხდიან, ჩივიან, რომ ძალიან ბევრი თამაში უწევთ და არავინ სვამს კითხვას: იქნებ ამ ხალხს მართლა ზედმეტს ვათამაშებთ? ამ შემთხვევაში „ზედმეტი’’ სუბიექტური ზღვარი კი არ არის, რომლის იქითაც ადამიანი იღლება, არამედ ეკონომიკური მაჩვენებელია: ვემსგავსებით ვაჭრებს, რომლებიც რაოდენობის გამო გაზავებულ, უხარისხო პროდუქციას ვყიდით და მყიდველი ამას უკვე ამჩნევს. უეფა და ჯანი ინფანტინო მასობრივი გაყიდვების ფაზაში შევიდნენ, შუშის ბურთულებს ალმასებად ასაღებენ. შედეგი კი იქნება დევალვაცია და ფიფა ამას უკვდე ხვდება. ის ცდილობს ჯერ არ შობილი და უკვე საკამათო მრავალგუნდიანი კლუბთა მასოფლიოს ჩემპიონატი შემოიღოს და ლიგა ამით ჩაანაცვლოს.
გულშემატკივრები კი ამასობაში 4 მარტამდე თავიანთი საქმეებით იქნებიან დაკავებულები. ხოლო 4 მარტი მარკო პიჩირილოს აზრით ნამდვილი ჩემპიონთა ლიგის პირველი დღე გათენდება.