ალბანური გამოცემა Panorama საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მორიგი ტურის შეხვედრის წინ სრულად აქვეყნებს „შკიპერიის’’ ანუ არწივეთის ნაკრების მწვრთნელის სილვინიოს პრეს-კონფერენციას. გთავაზობთ ამონარიდებს ბრაზილიელის ნალაპარაკევიდან.

…ქოჩორაშვილი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტაქტიკურად გამართული, ძლიერი გუნდი ჰყავს, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელია. ისინი ხარისხიან კონტრშეტევებს ახორციელებენ. სულ კარისკენ მიიწევენ. რასაკვირველია ქოჩორაშვილი მათთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის ნაცვლად ვინც გინდა ათამაშონ 100 კილომეტრ/საათით იმოქმედებს. ჩვენთვის ქოჩორაშვილის არყოფნა არაფერს ცვლის. საქართველოს ნაკრების დამარცხება ყველა ვარიანტში ძნელია, ის მარტივი გუნდი არ არის…

…ჩეხეთის ნაკრები ძალისმიერი გუნდია. მის წინააღმდეგ თამაშს დიდძალი ენერგია შევალიეთ, მაგრამ, მოდი წარსულზე ლაპარაკს შევეშვათ, რადგან ხვალ რთული შეხვედრა გველის. თან ჩვენს ჯგუფში ქულები თანაბრად ნაწილდება. ყოველ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობაზე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. პრაღიდან თბილისამდე კარგახანს ვიფრინეთ, აქ გვიან ღამით ჩამოვედით და დანარჩენი ხვალ უნდა გაირკვეს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ მოედანზე ბოლომდე დახარჯვა. მათ 100%-ით ვენდობით, მაგრამ როგორც ვთქვი საბოლოო გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშებს და ვინ არა, ხვალ მივიღებთ…

…მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ. მოგების გარდა არაფერი გვაწყობს, მაგრამ თუ ნოემბრის კალენდარს გადავხედავთ ვნახავთ, რომ ბოლო ორი შეხვედრა (ჩეხეთსა და უკრაინასთან) შინ გვაქვს, რაც მცირე უპირატესობას იძლევა. მაგრამ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრა მაინც ეს არის, საქართველოსთან. ჩვენ 100% უნდა გავიღოთ. თბილისში ქულები უნდა მოვიპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაჭირდება…

…პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ჩვენი ჯგუფი ძალიან დაბალანსებულია. გუნდები ბევრ ქულას გაინაწილებენ, ყველა შეხვედრა ძნელი იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი და საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრა ჩვენთვის უიღბლო გამოვიდა, არადა თამაში ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. ის იყო ფიზიკურად და ტაქტიკურად ძნელი მატჩი. საქართველო დიდებული გუნდია, სანიოლი კარგა ხანია დიდ სამუშაოს ასრულებს და მის განკარგულებაში ევროპული დონის ფეხბურთელები არიან. მაგრამ, ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია გავიდეთ მოედანზე და მაქსიმუმი გავიღოთ. საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ეს იქნება ძნელი შეხვედრა. მე ვუყურე საქართველოსა და უკრაინის მატჩს. ისიც რთული მატჩი იყო, 50/50-ზე. უკრაინას ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საქართველომ კარგად ითამაშა. თუმცა, საბოლოოდ სხვაობას ერთი შეცდომა იძლევა. გოლს გაუშვებ და მორჩა, წაგებული ხარ. ეს მოუვიდა საქართველოსაც. ხვალაც ასეთივე შეხვედრას ველოდები. უნდა ვცადოთ, რომ შეცდომა საერთოდ არ მოგვივიდეს. ეს იქნება რთული შეხვედრა ყველასთვის.